"როგორც პრეზიდენტმა, ავიღე შერიგების პროცესის დაწყების ვალდებულება"
15/12/2021 10:36:35 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალებს შორის შერიგების პროცესის დაწყების ვალდებულება აიღო. ამის ზურაბიშვილმა “France 24"-თან ინტერვიუში განაცხადა.
"მე, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, ავიღე ვალდებულება (ეს არ არის მთავრობის ვალდებულება, ეს ჩემია), ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება, ეს ის გზაა, რომელიც რამდენიმე ქვეყანამ ადრე გაიარა და რომელიც ჩემი აზრით, დღეს აბსოლუტურად არსებითია საქართველოსთვის, ყველა იმ პერსპექტივისთვის, რისი ღიაობის დანახვაც მას სურს, მათ შორის ევროპისაც”, –განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინტერვიუში მან ქვეყანაში არსებუ პოლარიზაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი არ იყო. მისი თქმით, საქართველოს პარტნიორების ნაწილი ექს–პრეზიდენტს ამ ქმედებებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდებდა, თუმცა ამ უკანასკნელმა არ მოუსმინა.
"ყველაზე პრობლემური დღეს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციაა და ეს მოვლენა ამძაფრებს პოლიტიკურ პოლარიზაციას", – განაცხადა პრეზიდენტმა.
მან სააკაშვილზე 2008 წლის ომის კონტექსტშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ექს–პრეზიდენტმა იმჟამად არ მოუსმინა არც ევროპელებს, არც ამერიკელების გაფრთხილებებს:
"არის პროვოკაციები, ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა იმ იმპერიის გვერდით, რომელიც აგრძელებს აგრესიულ ქცევას და რომელთანაც ნათელია, რომ არ გვაქვს საშუალება სამხედრო კუთხით გავუთანაბრდეთ. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ იმ ძალაზე უფრო ჭკვიანები”.


