
"დროა, ევროკავშირი მჩაგვრელ რუსეთს სანქციების ენაზე ესაუბროს"
15/12/2021 13:30:32 პოლიტიკა
ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებებზე ისაუბრა. მისი თქმით, დროა, ევროკავშირი მჩაგვრელ რუსეთს სანქციების ენაზე ესაუბროს.
კრამონმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა მხარი უნდა დაუჭიროს და დაიცვას უკრანა, რომლის მოსახლეობაც ევროპულ ღირებულებებს იზიარებს.
„ბატონო პრეზიდენტო, უმაღლესო წარმომადგენელო, ძვირფასო კოლეგებო, ვიდრე ჩვენ ვსაუბრობთ, 100 000 რუსი სამხედრო უკრაინის საზღვართანაა მობილიზებული. მათ, ვინც იცნობენ ბატონ პუტინს, იციან, რომ შობის მოახლოება განსაკუთრებით საშიში პერიოდია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავრჩეთ ფხიზლად და მტკიცედ. უკრაინა იმიტომ კი არაა რუსეთის სამიზნე, რომ საფრთხეს წარმოადგენს, არამედ იმიტომ, რომ მისი მოსახლეობა მხარს უჭერს ევროპულ ღირებულებებს, ისინი ბედავენ, იყვნენ თავისუფალნი და სურთ თავად წყვეტდნენ საკუთარ ბედს. კრემლს არაფერი აშინებს ისე, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული სახელმწიფო მის საზღვრებთან. ამ დროს როგორია ჩვენი რეაქცია? ზოგიერთი კვლავ გვთავაზობს, რომ "ჩრდილოეთ ნაკადი 2" უნდა გაგრძელდეს. რუსეთზე ჩვენი დამოკიდებულების გაზრდით, ჩვენ ვღალატობთ ჩვენს მოკავშირეებს და საშიშროებას ვუქმნით ამ კონტინენტის მომავალს. დროა, მჩაგვრელებს მათთვის გასაგებ ენაზე ვესაუბროთ: მკაცრი სანქციების ენაზე. რუსეთის სასჯელი უნდა იყოს უპრეცედენტო, თუ ის უკრაინაში შეჭრას გაბედავს",– განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა.