"ერთადერთი თემა, რაზეც ჩვენ მეტ-ნაკლებად მკაფიო პოზიცია გვაქვს ჩამოყალიბებული არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი"
15/12/2021 14:32:07 პოლიტიკა
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის გაგრძელება და მათი დასრულება ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის ოპოზიციის ქმედებაზე. ამის შესახებ მან ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ამ ეტაპზე, ყველა თემა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ღია, ასეც შეიძლება - ისეც. ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენად გაგრძელდება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა და ის, თუ რა შედეგით დასრულდება, მათ შორის, პირველ რიგში, ოპოზიციის მოქმედებებზე. ყველა თემაზე ვიმსჯელებთ, ყველა თემა არის ღია, რაც გულისხმობს იმას, რომ არაფერთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ გვჭირდება ასევე საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები, მათ შორის ბარიერის სიმაღლესთან დაკავშირებით, რამდენჯერ უნდა მოქმედებდეს დაბალი ბარიერი და ა.შ. ერთადერთი თემა, რაზეც ჩვენ გვაქვს მეტ - ნაკლებად მკაფიო პოზიცია ჩამოყალიბებული არის ის, რომ 2024 წლამდე არავითარ რიგგარეშე არჩევნებზე არ შეიძლება საუბარი. ქართულმა ოცნებამ“ ვირტუალური ბარიერი 43 პროცენტი გადავლახეთ და 47 პროცენტი ავიღეთ. ბუნებრივია, ამის შემდეგ 2024 წლამდე ყველანაირი თემა რიგგარეშე არჩევნებზე არის დახურული",– განაცხადა კობახიძემ.


