ახალი პროცესი დაანონსდა: მმართველი გუნდი კრიტიკის ფონზე დროის მოგებას ცდილობს?

15-12-2021 19:05:43 ანალიზი

მართლმსაჯულების საკითხი საქართველოსა და დასავლელ პარტნიორებს შორის ერთ–ერთ ცენტრალურ საკითხად რომ იქცა, ამას არაერთი კრიტიკული განცხადება მოწმობს. და როგორც ჩანს, იგივე შენიშვნების მოსმენა მოუწია საქართველოს პრემიერს ნატო–ს გენმდივანთან შეხვედრაზე, თუ იენს სტოლტენბერგის საქართველოს მთავრობის მეთაურისადმი საჯარო მიმართვით ვიმსჯელებთ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან პრობლემის არსებობის არაღიარების ფონზე: „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს მუშაობა სასამართლო რეფორმაზე, მედია დამოუკიდებლობასა და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე“.

სტოლტენბერგმა ასევე მოუწოდა პრემიერ ღარიბაშვილს, იმუშაოს ოპოზიციასთან, „რათა აღმოიფხვრას პოლიტიკური განსხვავება და შემცირდეს პოლარიზაციისკენ მიმართული რიტორიკა და ქმედებები“. პოლარიზაციის ერთ–ერთ ხელშემწყობ გარემოებად კი სწორედ რომ პოლიტიკისგან არათავისუფალი მართლმსაჯულება განიხილება.

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა–საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური დარწმუნებულია, რომ კამერებს მიღმა პრემიერს ევროკავშირშიც და ნატო–შიც კიდევ უფრო რთული საუბრები ექნებოდა, ვიდრე ეს საჯარო რიტორიკიდან ჩანს.

„საქმე იმაშია, რომ დასავლელი პარტნიორები ხვდებიან, რომ ხშირ შემთხვევაში, მათი კრიტიკული განცხადებები „ქართულ ოცნებას“ არ აინტერესებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რაც აფიქრებინებთ, რომ ჩვენ, როგორც ქვეყანას სეროზულ პრობლემები გვაქვს, რადგან ის ძალა, რომელიც ხელისუფლებაშია და მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, მზადაა, ძალაუფლების შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავიდეს, მათ შორის – თავს დაესხას დასავლელ პარტნიორებს, უარი თქვას მათ დახმარებებზე. ევროკავშირი პირდაპირ ამბობს, რომ თუ არ ჩავატარებთ კონკრეტულ რეფორმებს, ფულს არ მოგვცემენ. ფულს კი ჩვენ ევროკავშირი გვაძლევს და არა რუსეთი. ამ დახმარების გარეშე კი ვერ ვიარსებებთ, კიდევ უფრო გავღატაკდებით, ხოლო რეფორმები გვჭირდება ჩვენ და არა ევროკავშირს“,– ამბობს თემის კომენტირებისას ეკა გიგაური.

როგორც მოსალოდნელი იყო, სასამართლო რეფორმის საკითხზე ესაუბრნენ საქართველოს დელეგაციას ვაშინგტონშიც. ეს თავად საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემაც დაადასტურა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ეგიდით შედგენილი შეთანხმების დოკუმენტის მმართველი გუნდის მიერ ცალმხრივად ანულირების შემდეგ, რომელიც ასევე ეხებოდა მართლმსაჯულების საკითხებს, ახალი პროცესის დაწყების განცდის შექმნა სცადა. სამხარაძემ საპარლამენტო სესიაზე ვიზიტის შეჯამებისას კერძოდ, განაცხადა: „ვაშინგტონში ვიზიტისას ვისაუბრეთ სასამართლო რეფორმის საკითხებზე და ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენ გვქონდა აზრთა თანხვედრა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო რეფორმის მიმართულებით, რომელზეც ყველა ლაპარაკობს დღეს, არ არის კონკრეტული წინადადებები შემუშავებული და ეს ძალიან საინტერესო იყო, რომ ამის აღქმა ხდება ჩვენს პარტნიორებში. შესაბამისად, ჩვენი შეთავაზება იყო, იმის გამო, რომ კონკრეტიკა ამ სასამართლო რეფორმას არ აქვს, გავაკეთოთ ფართომასშტაბიანი ანალიზი იმისა თუ რა გაკეთდა აქამდე, რა არის კიდევ გასაკეთებელი და ამაში ჩვენ მზად ვართ, ჩავრთოთ მაღალი დონის ყოფილი მოსამართლეები ან თუნდაც მოქმედი მოსამართლეები დასავლეთიდან და ამ ანალიზის შედეგად, ვნახოთ, თუ კანონში რამე არის შესაცვლელი, შევცვალოთ. ეს იყო ის საკითხი, რომელზეც ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი, რომლის აქტიურმა მუშაობამაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, სასამართლოს სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ მიეღო მრავალი ინფორმაცია, „აქცენტთან“ ამბობს, რომ „პროცესში კვალიფიციური ექსპერტების ჩართულობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ფორმალობად არ უნდა იქცეს“:

„რას გეგმავენ, რა წინადადებები აქვთ, არ ვიცი, მაგრამ რაც ნამდვილად გასაკეთებელია, ესაა ანალიზი, თუ რატომ არ მოიტანა ამ „ოთხმა ტალღამ“ ის შედეგები, რისი მოლოდინიც არსებობდა. ეს უნდა გაიაზროს თავად ხელისუფლებამ. ხოლო როდესაც აცხადებენ, „კონკრეტული წინადადებები არ არსებობსო“, პირველი, ხელისუფლება ვალდებულია, გაატაროს შედეგიანი რეფორმები და მეორე, ვისგან რა წინადადებებს ელიან, არ ვიცი, მაგრამ ის წინადადებები რომ რეალურად გაეზიარებინათ, რომლებიც სხვადასხვა აქტორების მხრიდან იყო შეთავაზებული, მათ შორის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, შედეგი დადგებოდა. „წინადადებები არ არისო“ – ამით თავის მართლება არ გამოვა“.

ამასთან, ჯანეზაშვილისთვის წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით რთული წარმოსადგენია ხელისუფლებისგან სასამართლო სისტემის რეფორმირების რეალური სურვილი. ამ კონტექსტში ის იხსენებს, მათ შორის შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას და რეფორმების „ოთხ ტალღას“, რომელზეც ხელისუფლება ხშირად აპელირებს, თუმცა ამ შთამბეჭდავი ფორმულირების მიუხედავად, სასამართლოს მიმართ კითხვები არც ადგილობრივ და არც საერთაშორისო დონეზე მოხსნილა, მუდმივად მოგვიწოდებენ რა პოლიტიკისგან თავისუფალი მართლმსაჯულების სისტემის შექმნის აუცილებლობისკენ:

„შეიძლება, ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში სასამართლო სისტემის მმართველობის დონეზე არსობრივად რეფორმების თვალსაზრისით არაფერი გაკეთებულა: იყო საკანონმდებლო ცვლილებები, რასაც „რეფორმები“ დაარქვეს, თუმცა არა გარდამტეხი. მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილება არ კმარა, როდესაც ამას ხელისუფლება მხოლოდ თვალებში „ნაცრის შესაყრელად“ აკეთებს. ამდენად, აქ მთავარია, ზოგადად რა პოლიტიკა ექნება ხელისუფლებას და გაანაწილებს თუ არა ძალაუფლებას.

თუ პრობლემის არსებობას არ აღიარებ, ცვლილებებზე საუბარიც ზედმეტია. დღეს იმდენად მყარია სასამართლოს მმართველობით რგოლსა და პოლიტიკური ხელმძღვანელობას შორის არაფორმალური კავშირი, რომ ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, ეს არსებულ პირობები შეიცვალოს“.

ამდენად, ჯანეზაშვილის დასკვნით, არაერთგზის გადავლილი „ტალღა“ რეფორმების ილუზიის შექმნის მცდელობა იყო და დარწმუნებულია, რომ ამჯერადაც ანალოგიურ პროცესთან გვაქვს საქმე ამ ცვლილებებისადმი კრიტიკული და ხელისუფლებისთვის მიუღებელი შენიშვნების ნიველირების მცდელობის ჩათვლით.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები