"დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება „ტრიოს“ თანამშრომლობის ქვაკუთხედია"
15/12/2021 15:41:33 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეხმიანება ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას სახელით გამართულ სამუშაო სადილს, რომელიც „ასოცირებული ტრიოსა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ქვაკუთხედია.
„გიტანას ნაუსედასა და ევროკავშირის ლიდერებთან გამართული სამუშაო სადილის ფარგლებში, ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის „ასოცირებული ტრიოს“ საკითხებზე. ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით, ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ქვაკუთხედია“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.


