"სიმბოლურად მნიშვნელოვანია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საახალწლო მიწვევა მიიღონ"
16/12/2021 09:06:01 პოლიტიკა
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სიმბოლურად მნიშვნელოვანია, ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტის საახალწლო მიწვევა მიიღონ.
მისი თქმით, ურთულესი გამოწვევების პირობებში, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს პოლიტიკური დეპოლარიზაციის პროცესის დასაწყისს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
“იმედი მაქვს, საუბრის შესაძლებლობა იქნება. ჩემთვის საინტერესოა, თავად პრეზიდენტი როგორ ხედავს ამ პროცესის დაწყებას და გაგრძელებას. მე შეხვედრაზე, პირველ რიგში, მოსასმენად მივდივარ. ერთი რამ ცხადია, საქართველოს პრეზიდენტს ხელთ აქვს კონსტიტუციური ბერკეტები იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ქვეყანაში დეპოლარიზაციას. მეორეს მხრივ, ცხადია, ამ პროცესში წინაპირობებით შესვლას შედეგი ვერ ექნება. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის: დღეს საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკური პარტიებისათვის საახალწლო მიღებას გამართავს. იგი პარტიების წარმომადგენლებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლებს. ღონისძიება 19:00 საათზე გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ მიღებაზე უარი განაცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "დროამ".
გუშინ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საქართველოს საპატრიარქოში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც პატრიარქს კურთხევა სთხოვა.


