Accentnews.ge
ვინ (არ) მიდის  პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

ვინ (არ) მიდის  პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე

16/12/2021 12:39:52 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საახალწლო მიღებაზე მიწვევას პოლიტიკური პარტიების ნაწილი დასთანხმდა, ნაწილი კი უარს ამბობს.

მართალია, შეხვედრის ოფიციალური მიზანი საახალწლო ღონისიძებაზე დასწრებაა, თუმცა პრეზიდენტის მიერ მანამდე გაკეთებული განცხადებები აჩენს მოლოდინს პოლიტიკური საკითხებზე მსჯელობის თაობაზეც.

ცნობილია, რომ შეხვედრას დაესწრება მმართველი პარტიის წარმომადგენელი.

"პრეზიდენტის საახალწლო მოწვევა არის ნორმალური ჟესტი და იქ იქნება ჩვენი წარმომადგენელი და რაც ვიცი, რამდენიმე პარტია. რა დღის წესრიგი იქნება, იქ ნახავენ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები" - განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, საახალწლო ღონისძიებაზე მივლენ "სტრატეგია აღმაშენებლის" და "ლელოს" წარმომადგენლები.

"როგორც ვიცი, ამ შეხვედრას ოფიციალურ დონეზე არ აქვს პოლიტიკური შინაარსი, მაგრამ ეს შეიძლება გამოყენებული იყოს კომუნიკაციისთვის და ინფორმაციის გაცვლისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისარგებლებთ ამით და თუ ვინ წავა ამ ღონისძიებაზე, საღამოს გადავწყვეთ", - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ.

"ლელოსთან" ერთად ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება დეპუტატი სალომე სამადაშვილიც:

"მიმაჩნია, რომ შანსი უნდა მივცეთ მოლაპარაკებების პროცესს და მაინერესებს, ის როგორ ხედავს ამ პროცესის წარმართვას, ამიტომ ამ შემთხვევაში ვფიქრობ, დღეს მნიშვნელოვანი ჟესტია ამ შეხვედრაზე ჩემი და სხვა ოპოზიციონერების დასწრება. ცხადია, არ მაქვს მოლოდინი, რომ იქედან გამოვალთ კონკრეტული სამოქმედო გეგმით".

ამასთან, წვეულებაზე მისვლას გეგმავენ ყოფილი პრემიერის – გიორგი გახარიას პარტიის და "გირჩის" წევრებიც.

შეხვედრას არ დაესწრებიან "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.

ნიკა მელიამ სალომე ზურაბიშვილს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და განმარტა, რომ "ვინაიდან კლასიკური საახალწლო საღამოა", პარტია ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მიიღებს:

"ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელსაც ადგილი ექნება უახლოეს მომავალში".

საახალწო განწყობა დაასახელა მიზეზად "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამაც:

"დიდი მადლობა პრეზიდენტს. გასაგებია ეს ჟესტი და დასაფასებელი... სამწუხაროდ, არ არის ჩვენთან დღეს ის რეალობა, რომ შევძლო შამპანიურის მიჭახუნება "ოცნების" წარმომადგენლებთან... ეს ჩემთვის თამაში გამოვა... არ მინდა ეს იყოს აღქმული, როგორც თავად პროცესზე უარის თქმა. პირიქით, ძალიან ველოდები პრეზიდენტის მოსაზრებებს პროცესის შინაარსზე და ამ თემაზე საქმიანად სალაპარაკოდ ნებისმიერ ფორმატში შეხვედრაზე მივალ".

გაცილებით რადიკალურია თავის შეფასებებში პარტია "მეტი თავისუფლება – გირჩის" დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე.

მისი თქმით, სამოქალაქო თანხმობის საკითხი, რომელშიც მედიატორის როლს სალომე ზურაბიშვილი თამაშობს, წინასწარ განწირულია და ამ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ამომრჩევლისა და თავის მოტყუებაა.

"ასეთ წინასწარ განწირულ პროცესში შესვლა ოპოზიციის მხრიდან ნიშნავს ერთი მხრივ საკუთარი თავის და ამომრჩევლის მოტყუებას, თითქოს ბიძინასთან/ოცნებასთან მოლაპარაკება ქვეყნისთვის რაიმე სასიკეთო საკითხზე შესაძლებელია, ისე რომ უკან ანგარიშგასაწევი ძალა არ გედგეს, ხოლო მეორე მხრივ ნიშნავს საკუთარი სისუსტის საჯარო დემონსტრირებას, როცა ბოლო მოლაპარაკების შედეგად მიღწეული შეთანხმება თავზე გადაგახიეს, ისე რომ ამისთვის არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაუხდიათ, და, მიუხედავად ამისა, მაინც იგივე წყალში ცდილობ მეორედ შესვლას." - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, "შერიგების" პროცესის განწირულობის ერთერთი მიზეზია ის, რომ ზურაბიშვილს პოლიტიკური წონა არ გააჩნია:

"სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა უჭირავს, არ გააჩნია შესაბამისი არც წონა და არც პოლიტიკური კაპიტალი, რომ ამ ვითარებაში რაიმე პოზიტიური როლი შეასრულოს. შესაბამისად, მთელი ეს ‘შერიგების’ პროცესი არის აპრიორი განწირული და ემსახურება მხოლოდ დემოკრატიული პროცესის ილუზიის შექმნას, თითქოს ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელსაც ვინმე რამეს ეკითხება. იმას, რაც ვერ შესძლო ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერაფერს უზამს სალომე ზურაბიშვილი".

ჯაფარიძე წერს, რომ შერიგებისთვის საჭიროა ორივე მხარეს ჰქონდეს ერთი მიზანი, რაც საქართველოს შემთხვევაში არ გვაქვს სახეზე, ამიტომ შერიგება შესაძელებელი იქნება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაერევა მესამე ძალა.

ჯაფარიძის თქმით, მესამე ძალა შესაძლოა, ყოფილიყო დასავლეთი ან პატრიარქი, თუმცა, მისი თქმით, ივანიშვილს და მის პარტიას დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ ადარდებთ, ხოლო პატრიარქი ოცნებასთან "ჩახუტებულია" და მას საკუთარი კაპიტალის გასაზრდელად იყენებს.

"ასეთ მოცემულობაში ‘შერიგება’ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარეებს ამის გაკეთებას ‘დააძალებს’ მესამე, წონიანი, ავტორიტეტიანი ძალა. ასეთი შეიძლება ყოფილიყო დასავლეთი. ამის მცდელობა იყო 19 აპრილის შეთანხმება. მაგრამ არ გამოვიდა და არ გამოვა, რადგან ბიძინას/ოცნებას არ ადარდებს დასავლეთთან ურთიერთობის გაფუჭება. ასეთი შეიძლება ყოფილიყო პარტიარქი, მაგრამ ის ამას არ იზამს, რადგან ბოლომდე ჩახუტებულია ბიძინა/ოცნებასთან და იყენებს მას/ამ პოლიტიკურ ძალას საკუთარი პოლიტიკური და მატერიალური კაპიტალის გასაზრდელად. ერთნი არიან".

ჯაფარიძე ამბობს, რომ "ოცნება" ძალაუფლების ბერკეტებს არ დათმობს და ძალების მობილიზების გარეშე, კიდევ უფრო გაიმყარებს ძალაუფლებას, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, რისი ნაწილიცაა აზარტული თამაშების რეკლამების აკრძალვა, რაც ოპოზიციური მედიის შემოსავლებს ამცირებს, ასევე, სასამართლო პროცესები ყველა რეიტინგული ოპოზიციური არხის მფლობელის წინააღმდეგ:

"ან მოვიკრებთ ძალას და წავართმევთ, რასაც მეთოდური მუშაობა სჭირდება, ან გავაგრძელებთ ტყუილში ცხოვრებას და ის/ისინი გააგრძლებენ ჭამას და ამ ქვეყნის ჭაობში ჩაძირვას".

საქართველოში მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის დაბრნებისა და დაკავების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები კვლავ დაიძაბა. ამ ფონზე რიგმა სასულიერო პირებმა თუ პოლიტიკოსებმა საყოველთაო შერიგებაზე დაიწყეს საუბრი. საკითხი აქტუალური კიდევ ერთხელ გახდა 10 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის ვირტუალურ სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლით, როდესაც მან განაცხადა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტი პირობას დებს, წამოიწყებს ინკლუზიურ პროცესს, "საუბარს ეროვნული მასშტაბით, რომელშიც ჩაბმული იქნება მთელი საზოგადოება, რათა მივაღწიოთ უახლესი ისტორიის საერთო აღქმას, დავძლიოთ ტკივილი და წინ წავიდეთ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S