"დროა, ახალგაზრდული „ჯახიდან" გამოვიდეს და გადავიდეთ ახალ, მომწიფებულ პოლიტიკაზე"
16/12/2021 15:36:48 პოლიტიკა
ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის საახალწლო ღონისძიება მიმდინარეობს, რომელსაც ოპოზიციონერ ლიდერთა ნაწილი და მმართველი გუნდის წევრები ესწრებიან.
ღონისძიება პრეზიდენტმა გახსნა და როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიტიკურ საკითხებზე, კერძოდ, პოლარიზაციის შემცირების და დიალოგის დაწყების საჭიროებაზე ისაუბრა:
„არ დავმალავ, რომ ამას [ღონისძიებას] თავისი მიზანი აქვს: ატმოსფეროს შეცვლა და ახალი განწყობის შემოტანა. ჩვენ განწყობის ხალხი ვართ და მნიშვნელოვანია, რაღაც ოდენობით მაინც შეიცვალოს ის განწყობა, რომელიც დღეს ქვეყანას აწვება. ამით არაფერი ახალი არ შემოვა, მაგრამ ეს არის პირველი ნაბიჯი. თუნდაც ეს ერთად დგომა მე მგონი, პოზიტივია და პოზიტივად იქნება აღქმული ჩვენი საზოგადოების მიერ, რომელიც ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც რეალურად ჩაძირა ჩვენი ქვეყანა, გააჩერა. პრაქტიკულად, არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტაც შეგვიძლია დღეს ამ პოლარიზაციიდან გამომდინარე“.
მისი შეფასებით, პროცესის დაწყება რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით არის დროული:
- „ერთის მხრივ, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა 30 წლის – ზრდასრული სახელმწიფოა და დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული „ჯახიდან" და გადავიდეთ მომწიფებულ – ახალ პოლიტიკაზე.
- ჩვენ ძალიან რთული პროცესები გავიარეთ, სადაც, მცირე გამონაკლისების გარდა, სულ იყო დაპირისპირება, ორი ბანაკი და სამოქალაქო დაპირისპირება. ესაა ის, რაც გავიარეთ, რაც ვიცი და მე მგონი, არავის სურს, განმეორდეს. ეს ფურცლები, რომლებიც ერთად არ გაგვიაზრებია, ლოდებად გვაწვება დღეს. ამდენად, დროა, საზოგადოებისთვის: იგი არათუ დაღლილი, გადაღლილია. ეს რთული ვითარება გაუსაძლისია. ამას ემატება კოვიდი, სოციალურ–ეკონომიკური პირობები. ქვეყანაში პრაქტიკულად, არანაირი პერსპექტივა არაა, რომ ეს დამშვიდდეს. დღეს ყველაფერი დაყოფილია – ეკლესიაც. სანამდე შეიძლება, ეს გაგრძელდეს და სადამდე მიგვიყვანს?!
- გვავიწყდება მსოფლიო. რაღაცნაირად შიგნიდან ვუყურებთ ყველაფერს და გარეთ, ჩვენს ირგვლივ, ძალიან ახლოს რა ხდება, როგორ, რა შესაძლებლობებია, გვავიწყდება.
- დროა ახალგაზრდებისთვის: თვალს თუ არ დავხუჭავთ, ვიცით, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან. სწრაფვა აქვთ, აქედან წავიდნენ, რადგან თუ ახალგაზრდა თავის თავში შესაძლებლობებს გრძნობს, არავის უნდა, სიძულვილში და ბოღმის ქვეყანაში იცხოვროს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავს, რა არის მისთვის პერსპექტივა და ეს ჩვენი პასუხისმგებლობაა.
- დროა ქვეყნისთვის, თუ არ გვინდა, დავკარგოთ ყველა ის შანსი, რაც ჩვენს წინ არის – ეს იქნება ევროინტეგრაცია, რეგიონში ჩვენი როლის დაბრუნება, ახალ მსოფლიოში, რომელიც დღეს ძალიან სწრაფად ვითარდება, ჩვენი ფუნქციის მოპოვება. თუ ამ ყველაფერზე ერთად არ ვიფიქრეთ, მე მგონი, რომ ვერსად წავალთ“.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკური ამბიციები არ აქვს და ამჟამად მისი მიზანია, გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და დაეხმაროს ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში.


