Accentnews.ge
"ეროვნული საუბარი" – რა სახის ფორმატს სთავაზობს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს და საზოგადოებას

"ეროვნული საუბარი" – რა სახის ფორმატს სთავაზობს პრეზიდენტი პოლიტიკოსებს და საზოგადოებას

16/12/2021 16:08:22 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ პოლიტიკური ამბიციები არ ექნება და ამჟამად მისი მიზანია, გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები და დაეხმაროს ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში.

მან საახალწლო ღონისძიებაზე, რომელსაც პოლიტიკოსები მმართველი და ოპოზიციური გუნდებიდან ესწრებიან, დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე და ერთგვარ ფორმატზე ისაუბრა, რომელსაც პრეზიდენტი სახელისუფლებო გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს.

„ამ პროცესში ყველა თქვენგანის ჩართულობა აუცილებელია. აქ ყველა არაა, ეს გასაგებია ჩემთვის. არ ვთვლი, რომ ეს შეურაცხყოფაა ან უხერხულობა. იქნება ბევრი სხვა საშუალება, რომ დავიწყოთ საუბრები. ეს არის საწყისი პროცესი. არ მაქვს წინასწარ ჩამოყალიბებული გეგმა, რომელიც შემდეგ ცვლილებას არ ექვემდებარება. ეს არის ღია პროცესი, რომელიც უნდა იყოს ყველას ჩართულობით. პირველი ეტაპი უნდა იყოს მოსმენა. მე მოვისმინე პირველი კომენტარები, მერეც მოვისმენ, გასაგებია, რომ კომენტარები მრავალფეროვანია, იქნება სკეპტიციზმი, უნდობლობა, ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი ყოფის ნაწილია. ამდენად, ეს რეაქციები მოსალოდნელიც იყო და ეს იმას ამტკიცებს, რომ მართაც დროა, თემა აქტუალურია ყველასთვის, ყველა სხვადასხვაგვარად ხედავს გამოსავლის გზებს, მაგრამ ის, რომ დროა, პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაში მოცემულობაა",– განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პროცესი რამდენიმე მთავარ პრინციპს უნდა ეყრდნობოდეს:

  • „ერთია ინკლუზიურობა – დღეს ყველა დარგი, სექტორი პოლარიზებულია, რაც ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს ჩართული;
  • პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე – დაიწყება კონსულტაციებით ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით და ეს ყველაფერი ძალიან ვრცელი კომუნიკაციის ფონზე უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებამ კონსულტაციების შინაარსი გაიგოს;
  • კონსულტაციებს არ შეიძლება, წინ რაიმე წინაპირობა უსწრებდეს – სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა წინაპირობები მესმის, რაც ნიშნავს, რომ წინაპირობები ახალ დაპირისპირებას წარმოშობს და ეს კი ნიშნავს, რომ პროცესი ჩიხში შევა. გამორიცხული არაფერია, მაგრამ ყველაფერი პროცესშია მოსაგვარებელი, გასაანალიზებელი, მოსალაპარაკებელი. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული, დაიწყო გარკვევა – „როგორ უნდა შეურიგდე იმას, ამას ან რატომ“. შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით, სიმართლის გაგებით, როდესაც ეს წარსულს ან აწმყოს ეხება, გრძელდება სამართლიანობით და მერე შეიძლება, შედგეს (და ესაა ყველას მიზანი) შერიგება (მირჩევნია, მას ეროვნული თანხმობის პროცესი დავარქვა).
  • იმისთვის, რომ პროცესი წინ წავიდეს, რაღაც მომენტში უნდა შედგეს კონსენსუსის პლატფორმა, სადაც ერთობლივად (ერთის მხრივ, პოლიტიკური პარტიები, მეორეს მხრივ – საზოგადოებრივი ჯგუფები) გადავწყვეტთ, როგორი უნდა იყოს შემდეგი ეტაპი ამ საუბრების შემდეგ – უცხოელებთან ერთად, თუ ქართული პროცესი უნდა იყოს".

ამ უკანასკნელის კონტექსტში ზურაბიშვილი დარწმუნებულია, რომ პროცესები ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა წარმართონ და მაგალითად ევროკავშირის ეგიდით წარმოებული მედიაციის გამოცდილება მოიყვანა:

"დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი. ჩვენ მივედით იმის ბოლომდე, რომ რა ძალისხმევა და მონდომებაც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების, მათ არ აქვთ ამ პროცესების შიგნიდან გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს ორიოდე დღეს პროცესი არ იქნება. ვინც ასეთ შედეგებს ელოდება, არარეალისტურია. ამიტომ, ეს უნდა იყოს ჩვენს მიერ მართული პროცესი. ცხადია, შეგვიძლია, გამოიყენოთ მოდელები, რომლებიც გამოყენებულ იქნა ევროპულ და არაევროპულ ქვეყნებში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შესაძლოა, მხოლოდ ანალიზი გამოვიტანოთ, თუმცა საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენი სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი".

ზურაბიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რაღაც ეტაპზე "ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს გამოხატული. მაგრამ გადასაწყვეტი ჩვენია, კონსულტაციების შემდეგ რა ფორმატზე გადავალთ, იქნება ეს ახალი კანონების მიღება, კომისიის შედგენა, რომელიც შეუდგება უფრო დეტალურ განხილვას, იქნება ეს საზოგადოებრივი ქარტია, თუ სახალხო კრება ან სხვა ფორმატი":

"ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. ამაზე პასუხი დღეს არავის აქვს, არც მე ვაპირებ, რომ დღეს ჩემი პასუხი მქონდეს და ვინმეს თავს მოვახვიო – ერთად იქნება გასარკვევი. მთავარია, რას მოგვიტანს ეს პროცესი:

  • მოგვცემს საშუალებას, წასულთან ჩვენი ანგარიშები გავასწოროთ, შევაფასოთ, დავხუროთ წარსულის ფურცლები, რომ აღარ გვაბრმავებდეს და მომავალი ნათლად დავინახოთ.
  • დემოკრატიის გამყარებას – კითხვის ქვეშ არ იდგება დემოკრატია, თუ ჩვენ შევძელით ასეთი პროცესის წარმართვა, რაც დღეს მსოფლიოში ბევრ ქვეყანას არ შეუძლია. ეს არის სენი, რომელიც მთელს მსოფლიოს მოდო. მაგალითი ვიქნებით, რომ პატარა ქვეყანა აკეთებს იმას, რაზე ფიქრსაც ბევრი დიდი ქვეყანა ვერ ბედავს.
  • ცხადია, ეს არის ყველაზე „ნაღდი“ გზა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის, მსოფლიოში და რეგიონში ახალი როლის დამკვიდრების და ოკუპაცია, რომელზეც პრაქტიკულად აღარ ვლაპარაკობთ. დროდადრო ვამბობ, რომ მიუღებელია, რაც საოკუპაციო ხაზზე ხდება, მაგრამ რეალური სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა დავძლიოთ, არ არსებობს და ვერც იქნება – ქვეყანა, რომელიც შიგნით გაერთიანებული არაა, ვერ ისაუბრებს ოკუპირებული ტერიტორიების გაერთიანებაზე.
  • ეს არის ერთადერთი გზა, მინიმალური კონსენსუსი შედგეს, როგორი უნდა იყოს ჩვენი ძალიან მძიმე სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა“.

პრეზიდენტმა დასძნა, რომ პროცესი უნდა დაიწყოს "ეროვნული საუბრით" და დასრულდეს ისე, რომ მის შემდეგაც იყოს შესაძლებელი "ეროვნული საუბრის" გაგრძელდება მიუხედავად აზრთასხვადასხვაობისა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S