"ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა, უნდა შეფასდეს პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა"
16/12/2021 17:42:26 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა, უნდა შეფასდეს პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა. ამის შესახებ მან პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.
„მადლობა, პრეზიდენტს. მისი დამოკიდებულების, განწყობისთვის და ინიციატივისთვის. ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. რაც შეეხება შერიგებას, შერიგებასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია. ჩვენი პოზიციაა, რომ ნებისმიერ შერიგებას საფუძვლად უნდა ედოს სამართლიანობა. სამართლიანობაში იგულისხმება ის, რომ უნდა შეფასდეს, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, დღევანდელობა და მათი სამომავლო პერსპექტივა, ამის მიხედვით შეგვიძლია გავაგრძელოთ ურთიერთობა, ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან. ეს იყო ერთ-ერთი პასაჟი პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლაში, ისიც ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ რაღაცების შეფასება მნიშვნელოვანია და ეს არის წინაპირობა, რათა ეს პროცესი წარმატებული იყოს. უნდა შეფასდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარსული, პირველ რიგში, იგულისხმება ის 9 წელი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ გამოგვატარა 2004-1012 წლებში და რომლის მსხვერპლიც იყო უამრავი ადამიანი, ათულობით ათასი ადამიანი, რომელსაც ქონება წაართვეს, აწამეს, მედია წაართვეს და ასე შემდეგ. თუ ეს შეფასება გაკეთდება, უფრო გამარტივდება ის პროცესი, რასაც პოლარიზაციის ხარისხის შემცირება ჰქვია, პოლარიზაციის ხარისხის შემცირება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. მე არ მჯერა იმის, რომ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს არ მოვიდნენ პრეზიდენტის სასახლეში, აღიარებენ დანაშაულებს, რაც არის ნებისმიერ შერიგების აუცილებელი წინაპირობა", – განაცხადა კობახიძემ.


