მელია: "ის, რომ დღეს ზურაბიშვილთან არ ვიყავით, არ ნიშნავს რომ სხვა შეხვედრაზეც არ მივალთ"
16/12/2021 17:49:05 პოლიტიკა
ენმ–ის ლიდერი ნიკა მელია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართულ მომდევნო შეხვედრებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიც დაესწონ.
"ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ამ პროცესს წავახალისებთ. სხვა საკითხია, რამდენად შედეგზე გამსვლელია ეს პროცესი, რომელიც დაიწყება. თუმცა ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა ვუგულშემატკივროთ ამ პროცესს - რა გამოვა და რამდენად გამოვა, ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მე პირადად, მეგობრებთან ერთად, შემდგომ შეხვედრებში უშუალოდ ჩავერთვები. ის, რომ დღეს ჩვენ ფიზიკურად იქ არ ვიყავით, იმას არ ნიშნავს, რომ შემდეგი შეხვედრები თუკი გაიმართება, და იმედია, გაიმართება, ჩვენ იქ არ ვიქნებით", – განაცხადა მელიამ.
დღეს ორბელიანის სასახლეში პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც ოპოზიციის ნაწილი, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლები. “დროა, გამოვიდეთ ახალგაზრდული ჯახიდან და უფრო დამწიფებულ ახალ პოლიტიკაზე გადავიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.


