ზუგდიდსა და წალენჯიხაში საკრებულოს თავმჯდომარეები ვერც ამჯერად აირჩიეს
17/12/2021 09:30:47 პოლიტიკა
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე ვერც ამჯერადაც აირჩიეს. კვორუმის არსებობის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ" არც კანდიდატი დაასახელა და არც კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.
მანამდე, სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა დატოვეს. დარბაზში მყოფმა პარტია „საქართველოსთვის" წარმომადგენელმა კი საკრებულოს თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელეს და "ნაციონალურ მოძრაობას" დარბაზში დაბრუნებისკენ მოუწოდეს.
„გუშინ ჩხოროწყუში და დღეს ზუგდიდის მაგალითზე ყველამ ვნახეთ, რომ ორივე პარტია ვერც "ქართული ოცნება" და ვერც "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ერევა თავიანთ პოლიტიკურ ეგოს. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა ორივე პარტიისგან, ისინი არც ცდილობენ ნაბიჯი გადადგან კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლისთვის",- განაცხადა პარტია "საქართველოსთვის" წევრმა გიგა ფარულავამ.
რაც შეეხება, „ქართული ოცნების" წევრებს, რომლებმაც არც კანდიდატი დაასახელეს და არც კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა, ისინი ამბობენ, რომ ახალი კოალიციის ჩამოყალიბების იმედი აქვთ.
დეპუტატებმა თავმჯდომარე ვერც წალენჯიხის საკრებულოში აირჩიეს. სხდომის დაწყებამდე პარტიაში „საქართველოსთვის" ამბობდნენ, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე თავის კანდიდატს დაასახელებდნენ, თუმცა მოულოდნელად, გადაწყვეტილება შეცვალეს. შექმნილი გაურკვევლობის გამო, სხდომა 1 კვირით გადაიდო.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროცესის გაჭიანურება "საქართველოსთვის" და "ქართულ ოცნებას" შორის პოლიტიკური თანხმობით ხდება და ამით მოქალაქეები ზარალდებიან.
"ფაქტია, რომ ჩაიშალა დღეს სხდომა, მოლოდინიც ასეთი იყო. ძალიან ძნელია შეთანხმება იქ, როდესაც მეორე მხარეს (ერთად განვიხილავ გახარიას და ოცნებას), შეთანხმებაზე წამოსვლა არ სურთ. აქ არის საუბარი ადამიანების ინტერესზე. 29 ათასი ადამიანი ელოდებოდა, რომ დღეს სხდომა შედგებოდა, აირჩევდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს და დაიწყებოდა პროცესი სასიცოცხლო მნიშვნელობის. საუბარია ბიუჯეტის დამტკიცებაზე, ბიუჯეტზეა აქ მიბმული ადამიანების ყოველდღიური საჭიროება. როგორც ჩანს, ხელისუფლება ბიუჯეტს განიხილავს როგორც ჯიბის ფულს, ამიტომ ცდილობენ გადადონ პროცესი, მოვიდნენ უმრავლესობაში, თუმცა რა ფორმით აპირებენ ამას, ძნელი წარმოსადგენია, შემდგომ კი ეს ბიუჯეტი განკარგონ როგორც განკარგავდნენ საკუთარი კეთილდღეობის მოსაწყობად", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამარ ბელქანიამ.


