ჩრდილოატლანტიკური საბჭო: "უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ რუსულ აგრესიას მაღალი ფასი ექნება"
17/12/2021 11:32:05 პოლიტიკა
ჩრდილოატლანტიკური საბჭო კიევს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უცხადებს და აღნიშნავს, რომ "უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერ შემდგომ რუსულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ მაღალი ფასი ექნება".
როგორც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ნატო ყურადღებით აკვირდება უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და აცხადებს, რომ "ალიანსი მიიღებს ყველა საჭირო ზომას ნატოს ყველა წევრის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველსაყოფად".
"კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი ძალები უკრაინიდან მისი საერთაშორისო ვალდებულებებისა შესაბამისად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქვეყნის უფლებას განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საგარეო პოლიტიკა, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს გარე ჩარევისგან. ნატო–ს ურთიერთობა უკრაინასთან მხოლოდ უკრაინისა და ნატო–ს 30 მოკავშირის საქმეა", – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, ალიანსი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მზადაა, რუსეთთან დიალოგისთვის, რომელიც "დაფუძნებული უნდა იყოს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებსა და ფუნდამენტურ დოკუმენტებზე".
"თუ რუსეთი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს დაძაბულობის შესამცირებლად, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაძლიერებაზე. ამ მხრივ ეუთო ასევე არის შესაბამისი პლატფორმა. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი და გააგრძელებს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობისკენ სწრაფვას მთელ ევროატლანტიკურ ზონაში", – ნათქვამია განცხადებაში.


