პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
17/12/2021 12:13:04 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა 78-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ერთი კანონმდებელი წავიდა.
2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა 19 171.1 მლნ ლარს შეადგენს.
ბიუჯეტის მაკროეკონომიკური პარამეტრები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
- მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა გათვალისწინებულია 6 %-ით და ნომინალში 65 მლრდ. ლარს შეადგენს;
- დეფიციტის მაჩვენებელი განსაზღვრულია 4,2 %-ით, ხოლო ასიგნებები 19 მილიარდ 171 მილიონ ლარს აღწევს;
- საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 643 მლნ. ლარით;
- მიმდინარე ხარჯები — 14.8 მლრდ. ლარით;
- კაპიტალური ხარჯები — 5.9 მლრდ. ლარით;
- ბიუჯეტის შემოსულობების ოდენობა — 19 362,6 მლნ. ლარით.
2022 წლის ბოლოსთვის საქართველოს მთავრობის ვალის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია მთლიანი შიდა პროდუქტის 51.1%-ით.
რაც შეეხება სახელმწიფო უწყებების დაფინანსების მოცულობას:
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 10.0 მლნ ლარით. მთლიანი დაფინანსება 6 027.3 მლნ ლარს შეადგენს. გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან გათანაბრება.
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 25.0 მლნ ლარით. მთლიანი დაფინანსება 1 684.8 მლნ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ინვენტარით აღჭურვა.
- კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 1.0 მლნ ლარით. უწყების მთლიანი დაფინანსება კი, 357.8 მლნ ლარს შეადგენს.
- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 155.0 მლნ ლარით. მთლიანი დაფინანსება 932.4 მლნ ლარია.
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები 5.0 მლნ ლარით იზრდება. სამინისტროს მთლიანი დაფინანსება 2 895.0 მლნ ლარს შეადგენს.
- იუსტიციის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 15.0 მლნ ლარით, (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 310.6 მლნ ლარს) მიწის რეგისტრაციის განსახორციელებლად დამატებით საჭირო ღონისძიებების დასაფინანსებლად.
- თავდაცვის სამინისტროს ასიგნებები გაზრდილია 40.0 მლნ ლარით. უწყების მთლიანი დაფინანსება 1 002.4 მლნ ლარს შეადგენს.
- უზენაესი სასამართლოს ასიგნება 400.0 ათასი ლარით გაიზარდა (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 14.4 მლნ ლარს), შრომის ანაზღაურების სრულყოფილად დასაფინანსებლად.
- პროკურატურის ასიგნება გაზრდილია 2,6 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 47.9 მლნ ლარს), შრომის ანაზღაურების და სხვა მიმდინარე ხარჯების დაფინანსების მიზნით.
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ასიგნება გაზრდილია 1.9 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 67.2 მლნ ლარს).
- მთავრობის ადმინისტრაციის ასიგნება გაიზარდა 2.0 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 19.2 მლნ ლარს) მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად;
- სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ასიგნება გაზრდილია 3.0 მლნ ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 10 მლნ ლარს), დამატებით საჭირო მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად, ასევე შრომის ანაზღაურების 10%-იანი ზრდის დასაფინანსებლად.
- ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დაფინანსება გაზრდილია 500.0 ათასი ლარით (მთლიანი დაფინანსება შეადგენს 9.5 მლნ ლარს) სხვადასხვა სოციალური პროექტების დასაფინანსებლად.
- სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციების ასიგნება ჯამურად გაზრდილია 620.0 ათასი ლარით, შრომის ანაზღაურების მოწესრიგების მიზნით.


