მარგველაშვილი ზურაბიშვილს შეხვდა და სააკაშვილთან ვიზიტს გეგმავს
20/12/2021 08:49:24 პოლიტიკა
საქართველოს მეოთხე პრეზიდნტი გიორგი მარგველაშვილი ადასტურებს, რომ ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
მისი თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი იყო პროცესზე, რომელიც თავად სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაიწყო.
მარგველაშვილის შეფასებით, შეთანხმებასთან დაკავშირებით, მოქმედი პრეზიდენტის პოზიცია დროული და ადეკვატურია.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ ის მსჯავრდებულ და ბრალდებულ ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
"გადაწყვეტილი მაქვს, რომ შევხვდები საქართველოს მესამე პრეზიდენტს და დღეს ოფიციალურად მივმართავ შესაბამის უწყებებს, მომცენ შესაძლებლობა ბატონ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის" - თქვა გიორგი მარგველაშვილმა "მთავარ არხთან".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე საქართველოს სახელით წარსდგა და თქვა, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პარტიებს "ეროვნული თანხმობის" მიღწევის მისი ხედვა გააცნო.


