სააკაშვილი – მარგველაშვილზე: "მზად ვარ, ნებისმიერ დროს შევხვდე"
20/12/2021 11:14:51 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მზადაა, მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდეს.
ის მოუწოდებს ხელისუფლებას, მარგველაშვილს დაბრკოლება არ შეუქმნას, შევიდეს გორის სამხედრო ოსპიტალში, სადაც ამჟამად იმყოფება სააკაშვილი.
"მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ, შევხვდე მას ნებისმიერ დროს, კრიზისის დაძლევის გზებზე და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.
მოვუწოდებ ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.
ასევე, მივესალმები ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან", - წერს სააკაშვილი.
მარგველაშვილმა სააკაშვილის მონახულების თხოვნით პენიტენციურ სამსახურს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. იგი წერილში განმარტავს, რომ სურს, მიხეილ სააკაშვილთან განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიცირებული "შერიგების პროცესი".
მანამდე, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ უკვე შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და სხვა თემებთან ერთად, განიხილა ინიციატივა "ეროვნულ თანხმობაზე".


