ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო
20/12/2021 13:09:22 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული თანხმობის“ აუცილებლობის თაობაზე საუბრის შემდეგ პოლიტიკოსებთან ინდივიდუალური შეხვედრები დაიწყო. ის უკვე შეხვდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, რომელიც თავის მხრივ გეგმავს მესამე პრეზიდენტთან შეხვედრას.
ამასთან, დღეს ზურაბიშვილი დამოუკიდებელი დეპუტატს დავით ბაქრაძეს შეხვდა.
ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ პროცესი აშკარად წინ წასულია და იმედს გამოთქვამენ, ზურაბიშვილის მცდელობა უშედეგოდ არ ჩაივლის.
რაც შეეხება ბაქრაძეს, მან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დისკუსიის საგანი ეროვნული თანხმობის საკითხი იყო.
მისი თქმით, წარმოუდგენელია პოლიტიკური თანხმობა ისე, რომ თანხმობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არ იყოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი:
„მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ თანხმობაზე და შევთანხმდეთ იმაზე, როგორ ვცხოვრობთ და რას ვაკეთებთ ამ ქვეყანაში. უნდა შევთანხმდეთ, რომ ოკუპაცია არის ცუდი, ნატო – კარგი. პოლიტიკური დევნაა ცუდი, ასევე ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია. პოლარიზაცია ქვეყანას უკიდურესად აზიანებს. თუ არსებობს ერთი შანსი, რომ ნაბიჯები გადავდგათ პოლარიზაციის შესამცირებლად და ძირითად პრინციპებზე თანხმობის მისაღწევად, მიმაჩნია, რომ ეს შანსი უნდა იყოს გამოყენებული და ეს შანსია ის პროცესი, რაც პრეზიდენტმა დაიწყო. ალბათ, რაღაც ეტაპზე, შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტი ამ მოსაზრებების საფუძველზე საკუთარი პოზიციით წარდგება“, – აღნიშნავს ბაქრაძე.
დეპუტატს მიმაჩნია, რომ ამ პროცესში ყველა მხარე პოლიტიკური წინაპირობების გარეშე უნდა შევიდეს:
„ციხეში მყოფი ლიდერების არსებობა ან დასაჭერად გამზადებულ პოლიტიკურ ლიდერებზე საუბარი პოლიტიკური წინაპირობა არაა, ეს არის ობიექტური რეალობა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ამიტომ, გამოსავალი ვერ იქნება პოლიტიკური დევნის თემის დავიწყება, პირიქით, ეს თემა უნდა მოვაგვაროთ და ამით გზა გავუხსნათ სხვა საკითხებს. მიხეილ სააკაშვილის საკითხის გარეშე, ასევე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძის, ავთო წერეთლისა და ნიკა გვარამიას საკითხის გადაწყვეტის გარეშე თანხმობა ვერ შედგება ძირითად საკითხებზე. რა გზით მოხდება ამ საკითხის მოგვარება, სწორედ ამას უნდა ემსახურებოდეს ეს პროცესი და შედეგები. წარმოუდგენელია პოლიტიკური თანხმობა ისე, რომ თანხმობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი არ იყოს პოლიტიკური დევნის შეწყვეტის საკითხი. საკითხი გადასაწყვეტია, რა გზით გადაწყდება, უნდა ვისაუბროთ“.


