ISFED: "ოცნების" ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა თანაბარ საარჩევნო გარემოს ხელი შეუშალა"
21/12/2021 09:59:35 პოლიტიკა
"სამართლიანი არჩევნები"(ISFED) აცხადებს, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები მეტ-ნაკლებად კონკურენტული იყო, თუმცა მმართველი პარტიის ფინანსურმა და ადმინისტრაციულმა რესურსმა თანაბარი საარჩევნო გარემოს არსებობას ხელი შეუშალა.
ISFED-ს ანგარიშში აღნიშნულია რამდენიმე გარემოება, რომელიც ორგანიზაციის დაკვირვებით, საარჩევნო გარემოზე ახდენდა გავლენას:
- "საარჩევნო გარემო დააზიანა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის, მუქარის, სამსახურიდან გათავისუფლების ან წასვლის იძულების ფაქტების სიმრავლემ და მათზე სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ";
- "არჩევნების მეორე ტურზე გამოვლენილი დარღვევებისა და ტენდენციების ერთობლიობას, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა";
- "[ჟურნალისტებზე] ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევები, რასაც ახალისებდა პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული აგრესიული და მადისკრედიტირებელი განცხადებები";
- "ორივე ტურზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა საარჩევნო უბნების მიმდებარედ პირთა ხანგრძლივი, საეჭვო შეკრებები, ამომრჩეველთა აღრიცხვის, მობილიზებისა და სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც მიიჩნევა ამომრჩეველთა თავისუფალი ნების კონტროლის მექანიზმად";
- "საგანგაშო და მასშტაბური სახე მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მოქმედმა პარტიულმა სადამკვირვებლო საქმიანობამ";
- "[არჩევნებთან დაკავშირებით] სასამართლოს გადაწყვეტილებები შაბლონური იყო და ვერ აკმაყოფილებდა დასაბუთებულობის მინიმალურ სტანდარტს."
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს გაიმართა, იმავე თვის 30 რიცხვში კი 20 მუნიციპალიტეტში მერის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. 60-ზე მეტი მუნიციპალიტეტიდან ოპოზიციის კანდიდატმა მხოლოდ წალენჯიხაში გაიმარჯვა. ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ოპოზიციისა და ხელისუფლების კანდიდატებს შორის სხვაობა მეორე ტურებში მინიმალური იყო.


