აბაშიძე – რუსეთის მოთხოვნებზე: "როგორც ჩანს, თვლიან, ახლა კარგი მომენტია, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს მიაღწიონ"
21/12/2021 12:10:42 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ნატო-სგან იურიდიული გარანტიების თაობაზე მოსკოვის მოთხოვნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "როგორც ჩანს, კრემლში თვლიან, ახლა კარგი მომენტია, რომ ამ მიმართულებით გარკვეულ შედეგებს მიაღწიონ".
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები კეთდებოდა წლების განმავლობაში როგორც საჯაროდ, ასევე – პრაღის ფორმატშიც.
"პირველად არ გვესმის რუსეთის მხრიდან, რომ წინააღმდეგია ნატო-ს გაფართოების, ეს მე ხშირად მსმენია ჩვენს ფორმატებზე ჩემი რუსი კოლეგისგან, წლების განმავლობაში საჯაროდ კეთდება ასეთი განცხადება. ახლა ამის გააქტიურება, როგორც ჩანს, დაკავშირებულია რუსეთის როგორც საგარეო, ისე შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგთან, ამ ორი მომენტის ერთობლიობა იძლევა იმ შედეგს, რასაც ვხედავთ. რუსეთი, მისი პოლიტიკური ელიტა და ხელმძღვანელობა როგორც ჩანს თვლიან, რომ ახლა კარგი მომენტია მათთვის, რომ ამ მიმართულებით რუსეთმა გარკვეულ შედეგებს მიაღწიოს, იმ შედეგებს, რაც მათ ჩამოწერეს 8 - პუნქტიან მოთხოვნებში, ზოგმა ულტიმატუმი დაარქვა ამას, თქვენ როგორც გინდათ ის დაარქვით, ეს ყველაფერი გაწერილია მათ მოთხოვნებში, როგორც ჩანს რუსეთი თვლის, რომ ახლა სწორედ ის მომენტია, რომ ამ მიმართულებით უნდა გადადგან ნაბიჯები", - განაცხადა აბაშიძემ.


