აბაშიძე – ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე: "ძალისხმევას არ ვაკლებთ შესაბამისი არხებისა და ბერკეტების ასამოქმედებლად"
21/12/2021 12:39:27 პოლიტიკა
პრემიერ- მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების ფაქტებს ეხმიანება და აცხადებს, რომ თბილისი დაკავებულთა გასათავისუფლებლად ძალისხმევას არ იშურებს.
როგორც ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რიგ შემთხვევებში ხდება ამ საკითხების განხილვა პრაღის ფორმატშიც:
"დღეს პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე იყო დეტალურად საუბარი, თუ რას აკეთებს ქართული მხარე, რომ არ დავუშვათ შეგუება იმ ახალ რეალობასთან, რაც შეიქმნა 2008 წლის შემდეგ. პრაღის ფორმატი არ განიხილავს ასეთ საკითხებს, ჟენევის ფორმატში ხდება ხოლმე განხილვა/მოგვარება, მაგრამ, თუ საჭიროება შეიქმნება ხოლმე, რომ ეს არხიც გამოვიყენოთ, მე მზად ვარ, რომ დაველაპარაკო ჩემს კოლეგას, ვუთხრა, რომ ჩვენ არ ვახდენთ ჟენევის დუბლირებას, მაგრამ ადამიანები ვართ, ასეთი ჰუმანიტარული პრობლემა არსებობს და ჩაერთე შენც. თუ იქნება ამის საჭიროება კი ბატონო, ჯერ არ ყოფილა საუბარი მამუკა ჩხიკვაძეზე, მე მექნება ამაზე საუბარი კოლეგებთან და თუ ამის აუცილებლობა იქნება, აუცილებლად ჩავერთვები, არაფერი ამას წინ არ დაუდგება. ცოტა ხუმრობით გეტყვით, ახალი წელი მოდის - ხშირად მესმის ხოლმე, რომ უფრო მკაცრად უნდა დაელაპარაკო შენს კოლეგასო, რანაირად მკაცრად უნდა დაველაპარაკო, რომ დაქოქონ ტანკები და წავიდნენ იქიდან, როგორ უნდა შევაშინო, თუ მოვისმენ ამას, კარგი იქნება. ველაპარაკებით ჩვენ აბსოლუტურად ადეკვატურად, პრინციპულად ვაყენებთ საკითხებს და განვიხილავთ, რაც ჩვენ გვაწუხებს და არანაირ ძალისხმევას არ ვაკლებთ შესაბამისი არხებისა და ბერკეტების ასამოქმედებლად, ჩვენ ამის ბევრი გამოცდილება გვაქვს, როცა დაკავებული თუ გატაცებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და შევძელით მათი გათავისუფლება მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, მე იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება“, - განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.


