"ნებისმიერი პროცესი, როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთს და ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არ მოხდება საქართველოს და უკრაინის ინტერესების ხარჯზე"
21/12/2021 13:06:57 პოლიტიკა
ცალსახად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი პროცესი, როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთს და ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არ მოხდება საქართველოს და უკრაინის ინტერესების ხარჯზე, - ასე ეხმიანება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია რუსეთის მოთხოვნებს ნატო- სგან იურიდიულ გარანტიებზე, რომ ალიანსი არ გაფართოვდება.
მისი თქმით, საქართველო - ნატო- ს ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს და ნატო- ს გადასაწყვეტია.
"რაც შეეხება საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, ეს არის საქართველოს საზოგადოების არჩევანი. ამ საკითხზე ქართულ საზოგადოებაში არსებობს ფართო ეროვნული კონსენსუსი. შესაბამისად, საქართველოს ნაბიჯები მისი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციისკენ შეუქცევადია და არ ექვემდებარება საქართველოს მხრიდან არანაირ განხილვას. ნატო- ში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ნატო- ს წევრებმა უნდა გადაწყვიტონ. რუსეთი აღნიშნულ საკითხში ყოველთვის იყო რადიკალური და ნატო- ში საქართველოს თუ უკრაინის ინტეგრაცია მისთვის ყოველთვის მიუღებელი იყო. რაც შეეხება მიმდინარე პროცესებს, ცალსახად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი პროცესი, როგორც არ უნდა განვითარდეს რუსეთს და ჩვენს პარტნიორებს შორის, ეს არ მოხდება საქართველოს და უკრაინის ინტერესების ხარჯზე. ჩვენ ფართო კონსულტაციები გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მთლიანად საერთაშორისო არენაზე ვითარება არის საკმაოდ რთული",- განაცხადა ლაშა დარსალიამ.


