21-12-2021 18:34:26 კავკასია ,ანალიზი
ჩეჩნეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა შემაძრწუნებელ მაჩვენებელს აღწევს: როგორც გამოცემა „ნოვოსტი“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, უკანასკნელ სამ წელიწადში რესპუბლიკაში 5 ათასამდე ადამიანი გაუჩინარდა, მათგან 1700 2020 წელს (მხოლოდ 30 იპოვეს), ხოლო 2021 წლის 9 თვეში – 1659.
ნაკლებად სავარაუდოა, ამ დრამატულ სტატისტიკას „ავსებდნენ“ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმული ლიდერის რამზან კადიროვის რეჟიმს გაქცეული ადამიანები, რომლებიც ძირითადად ევროპის ქვეყნებში ცდილობენ უსაფრთხო თავშესაფრის პოვნას, რადგან ისინი ოფიციალურად გადიან რეგისტრაციას. აი, კადიროვის მეთოდის გათვალისწინებით კი, რომელსაც ის მისთვის მიუღებელ პირთა წინააღმდეგ იყენებს, სპეციალისტებში შოკისმომგვრელი ციფრები გაკვირვებას არ იწვევს: ჩეჩნეთის ოპოზიციური მოძრაობა 1ADAT თავისი ტელეგრამ ახრით (ადმინისტრატორებად მუშაობენ ევროპაში მცხოვრები ჩეჩენი დევნილები) რეგულარულად აქვეყნებს ცნობებს ადამიანების გატაცების შესახებ. მაგალითად, იანვარში სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარის შემდეგ მოიტაცეს 17 წლის ბორზუნკაევი და 19 წლის უსმანოვი და წამების ქვეშ აიძულეს, გაეკეთებინათ ტელე-აღსარება, თითქოს „პოლიციელების დახოცვას აპირებდნენ.“
მიმდინარე წლის თებერვალში კი "ნოვაია გაზეტამ" გამოაქვეყნა ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ჩეჩენმა ძალოვნებმა 2017 წლის იანვარში სულ მცირე, 27 პირი, რომლებსაც მანამდე ბრალი წაუყენეს 2016 წლის დეკემბერში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში, სასამართლოს მიღმა დასაჯეს სიკვდილით.
გაზეთის მიერ წარმოებული გამოძიების მიხედვით, ჩეძენი ძალოვნები გაუსამართლებლად სიკვდილით დასჯის წინ, რამდენიმე პატიმარს აიძულებდნენ, ვიდეოკამერის წინ დაედოთ ფიცი ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინაშე, შემდეგ კი დაეგმოთ ის.
ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ რეალობა გაცილებით მძიმეა, ვიდრე ოფიციალური მონაცემები და რომ დაკარგულთა შორისაა ასობით გაუჩინარებული ლგბტ–პირი, რომელთაც ხშირად, ცოცხლად მარხავდნენ.
„კადიროვის ჩეჩნეთში დღეს ფართოდაა გავრცელებული ადამიანის სასამართლოს მიღმა – არაფორმალური გასამართლების პრაქტიკები. გარდა იმისა, რაც ზედაპირზე ჩანს (ბოდიშის მოხდის, საჯარო გაკიცხვის ამსახველი კადრები) არსებობს ადამიანების გაუჩინარების ფაქტები: როდესაც სისხლის სამართლის საქმეებით ვერ ამტკიცებენ კონკრეტულ პირთა ბრალეულობას, ასეთ შემთხვევაში ხდება მათი გატაცება, შემდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება ან საიდუმლო ციხეებში არაფორმალურად გამომწყვდევა. „საიდუმლო ციხეების“ შესახებ არაერთი ჟურნალისტური გამოძიება შედგა. მაგალითად, ერთ–ერთი განთავსებულია კადიროვის მშობლიურ სოფელ – ცენტაროიში. იგივე „იმარატ კავკაზის“ აქტიურობის დროს არსებობდა წვერის გაზრდის პრაქტიკა: ოპონენტებს იტაცებდნენ, ვიდრე მათ სათანადო ზომის წვერი მოეზრდებოდათ, ამყოფებდნენ საიდუმლო ციხეში, შემდეგ ტყეში ხდებოდა მათი ლიკვიდაცია „იმარატ კავკაზის“ მებრძოლთა განადგურების საფარქვეშ“,– უამბობს „აქცენტს“ კავკასიოლოგი ალექსანდრე კვახაძე და იქვე დასძენს, რომ კადიროვის სამიზნე შესაძლოა, რამდენიმე კატეგორიის ადამიანი გახდეს, მათ შორის, რეჟიმის როგორც აქტიური, ისე პასიური კრიტიკოსი.
ამ კონტექსტში საინტერესოა თვითმხილველების ნაამბობი ივლისში დაბა ურუს-მარტანში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე რეიდების შესახებ, როდესაც ძალოვნებმა დაახლოებით 100 კაცი გაიტაცეს. თვითმხილველები კერძოდ, ჰყვებოდნენ, რომ ახალგაზრდებში „ჩანერგილი“ იყვნენ პროვოკატორები, რომლებიც მიზანმიმართულად ჩამოაგდებდნენ ხოლმე სიტყვას მთავრობაზე და ამ გზით ამოწმებდნენ, ვინ აკრიტიკებდა რამზან კადიროვს.
როგორც კვახაძე გვიამბობს, ოპონენტად შესაძლოა, მიიჩნიონ ის ადამიანებიც, რომელთაც გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, მაგრამ უარი თქვეს მაგალითად, კადიროვის პროპაგანდისტულ ღონისძიებებში მონაწილეობაზე, ახმად კადიროვის [რამზად კადიროვის მამა. ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტი – რედ.] ფონდში შემოწირულობის გაღებაზე:
„გარდა ამისა, ამგვარი დასჯის საფუძველი შესაძლოა, გახდეს კადიროვის რომელიმე მაღალჩინოსნის ბიზნეს და პირად ინტერესთან გადაკვეთა. მაგალითად, მრავლადაა შემთხვევები, როდესაც კადიროველები ქალის და ქალის ოჯახის ნების საწინააღმდეგოდ ქორწინდებიან და ნათესავებმა ვერაფერი გააწყვეს. სამიზნეები არიან არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებიც. გვახსოვს მათ წინააღმდეგ გამოცხადებული ნადირობა“.
გაუჩინარების საფუძვლად შესაძლოა, იქცეს კრიტიკული პოზიციების გაცნობაც. მაგალითად, 2020 წელს გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა გროზნოში მცხოვრები მოვსერ უმაროვი. ახლობლების ინფორმაციით, მისი გაუჩინარება კადიროვის რეჟიმის კრიტიკოსის – ტუმსო აბდურახმანოვის ბლოგების ყურება იყო. უმაროვი 2020 წლის ივლისში სპეცოპერაციით აიყვანეს, რის შემდეგაც მისი კვალი გაქრა. ოჯახის წევრები უმაროვის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოპოვებას დღემდე უშედეგოდ ცდილობენ.
ამდენად, ბევრი მიზეზი არსებობს, პირმა, განურჩევლად ასაკისა, იწვნიოს კადიროველების სისასტიკე, ხოლო რეჟიმი „ეჭვმიტანილის“ საჯარო ბოდიშით დაკმაყოფილდება თუ მას გააქრობს, კვახაძის დაკვირვებით, ეს „დანაშაულის“ ხასიათზეა დამოკიდებული: უნებლიედ შეეხნენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლდერს, თუ გააზრებულად ებრძვიან რეჟიმს. ამ კონტექსტში ის ჩეჩენი ბლოგერის ტუმსო აბდურახმანოვის (რომლის მკვლელობაც ევროპაში სცადეს) და 19 წლის სალმან ტეპსურკაევის თავგადასავალს იხსენებს. 2020 წელს საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელზეც ტეპსურკაევის წამების კადრები იყო ასახული. ამის შემდე ტეპსურკაევი ოკახს არ დაკავშირებია.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტეპსურკაევის გაუჩინარებასა და წამებაში დამნაშავედ რუსეთის ხელისუფლება ცნო და კომპენსაციის სახით, 26 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.
კავკასიოლოგი ფიქრობს, რომ მსგავს სასტიკ მეთოდებს კადიროვი ომებით ტრავმირებულ საზოგადოებაში შიშის დათესვისა და ამ გზით მართვისთვის იყენებს, ხოლო მეთოდი, მათ შორის კოლექტიური სასჯელის – კრიტიკოსების ნათესავებზე ანგარიშსწორების, ეფექტურად მუშაობს ჩეჩნურ რეალობაში: კადიროვი რჩება უკონკურენტო ავტორიტარად, აკონტროლებს ჩეჩნებს რესპუბლიკის შიგნით და მის ფარგლებს გარეთაც. კრემლი კი თვალს ხუჭავს მის საქმიანობაზე, რადგან ერთის მხრივ, ინარჩუნებს ჩეჩნეთს ფედერაციის წიაღში, მეორეს მხრივ – კადიროვის ბრიგადებს იყენებს „შავი საქმეებისთვის“.