"თავხედური ტყუილი"– ჩაჩიბაია ლავროვს ბოლო 20 წლის კვლევების გაცნობას ურჩევს
22/12/2021 11:41:44 პოლიტიკა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი, დეპუტატი ვლადიმერ ჩაჩიბაია რუსი დიპლომატის სერგეი ლავროვის განცხაებას ეხმიანება, თითქოს საქართველოს ნატო–ში შეთრევის მცდელობაა და რომ ეს "ეწინააღმდეგება მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას“ და მას ურჩევს, გაეცნოს საზოგადოებრი აზრის კვლევებს.
„რუსეთის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი გაცხადებული თავხედური ტყუილი, რადგან ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს სუვერენული არჩევანია. ჩვენ ნატო-ში არავინ არ მიგვათრევს. სერგეი ლავროვი საქართველოში, ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩატარებულ კვლევებს თუ ნახავს, მიხვდება, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი. ნატო-ში გაწევრიანება საქართველოს არჩევანია და არა ნატო-ს მიერ თავზე მოხვეული იდეა. ეს არის რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი თავხედური განცხადება. ევროპელებს ახასიათებთ, როცა ურემი გადატრიალდება, რეაგირებას მაშინ ახდენენ.
გასული წლების გამოცდილება გვეუბნება, რომ პრევენციული მიზნით საჭიროა, ევროპის ქვეყნებმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად წინმსწრებად მიიღოს სადამსჯელო ნაბიჯები, რათა რუსეთმა მომავალში ნებისმიერი განზრახვისგან ხელი აიღოს. მათი ბოლო განცხადებები არის შეშფოთებისა და წუხილის საგანი, განსაკუთრებით, საქართველოსა და უკრაინისთვის.
ევროპის ქვეყნებმა რეაგირება უნდა მოახდინონ არა ფაქტზე, როგორც ეს 2008 წელს მოხდა, არამედ წინმსწრებად განახორციელონ ეკონომიკური სანქციები და უფრო რადიკალური ზომები ამ მიმართულებით“, – განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.


