კობახიძე: "სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას"
22/12/2021 13:11:57 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ შიმშილობის დაწყებას გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. ის ამ ნაბიჯს პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვიილის მითითებას უკავშირებს.
„შიმშილობა არის ყველას პოლიტიკური უფლება. მათ შეუძლიათ, ეს უფლება გამოიყენონ, თუმცა ძალიან სამწუხაროა, როცა ბელადის შანტაჟით იწყებს 200 ადამიანი შიმშილობას. ეს არის სამწუხარო მოვლენა, რაც პოლიტიკას არ წაადგება, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. არავინ არავის არ დასცინის, მაგრამ ის ფაქტი, რომ 200 ადამიანი ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, არის ტრაგიკომიკური მოვლენა", - მიიჩნევს კობახიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან შიმშილობა პარტიის მხარდამჭერებმა და პოლიტიკოსებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათ თბილისში მიმდინარე აქციაზე, რუსთაველის გამზირიდან მიმართა პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყოფია ამბობს, რომ 180-მდე ადამიანი შიმშილობს ამ ეტაპზე.
გუშინ, 21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, როცა რუსთაველის გამზირზე მის მხარდასაჭერად აქცია იმართებოდა, ნიკა მელიამ თქვა, რომ იწყებოდა მასობრივი შიმშილობა საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით.


