"ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე ხშირად იყენებენ, გრძელვადიან პერსპექტივაში მგზავრობა გაუიაფდებათ"
23/12/2021 18:15:56 პოლიტიკა
"ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყველაზე ხშირად იყენებენ, შეიძლება ითქვას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუიაფდებათ", – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა
მისი თქმით, ტარიფი არ გაზრდილა, შემოდის ახალი საგადასახადო სისტემა, აბონემენტები, რომელიც არის ყველა ევროპულ, განვითარებულ ქვეყანაში:
„საქართველოშიც ეს სისტემა ინერგება. ადამიანი თავად ირჩევს, რომელი აბონემენტის რომელი მიმართულება აიღოს. ეს შეიძლება, იყოს ერთკვირიანი, რომელიც უფრო ტურისტებზეა გათვლილი; შეიძლება, იყოს ერთდღიანი, ერთთვიანი, სამთვიანი, ერთწლიანი, მომხმარებელი თავად იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი აბონემენტი იქნება მისთვის მისაღები. გვაქვს სრული მონაცემები, რამდენი ადამიანი რამდენჯერ მგზავრობს დღის განმავლობაში. შესაბამისად, ყველაფერი ჩვენზე უკეთ არავინ არ იცის. ამიტომ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს იყენებს ყველაზე ხშირად, შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა გაუიაფდება გრძელვადიან პერსპექტივაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის: პირველი თებერვლიდან თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სააბონენტო სისტემა ამოქმედდება. შედეგად, ერთჯერადი, ერთი სახეობის ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება 50 თეთრის ნაცვლად, 1 ლარი გახდება.
მისი გადახდა მგზავრს შეეძლება, როგორც ძველებურად– საბანკო ბარათებით, ისე – ახალი სააბონენტო ბარათითაც. ასევე, ავტობუსით ერთჯერადად მგზავრობისთვის ბარათის არქონის შემთხვევაში მგზავრმა ნაღდი ფულის სახით, 50 თეთრის ნაცვლად 1 ლარი უნდა გადაიხადოს.
ამასთან, 1-ლარიანი სააბონენტო ბარათი იქნება ულიმიტო 90 წუთის განმავლობაში და იმოქმედებს სამივე სახეობის [მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი] ტრანსპორტში.
სხვადასხვა ხანგრძლივობის სააბონენტო ბარათის ფასები იქნება:
- ულიმიტო 90-წუთიანი ბარათი -1 ლარი;
- ულიმიტო 1-დღიანი ბარათი - 3 ლარი;
- ულიმიტო 1-კვირიანი ბარათი - 20 ლარი;
- ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;
- ულიმიტო 3-თვიანი ბარათი - 100 ლარი;
- ულიმიტო 6-თვიანი ბარათი - 150 ლარი;
- ერთწლიანი ბარათი - 250 ლარი.
5 იანვრიდან დაიწყება აბონიმენტების გაყიდვა მეტროს სალაროებსა და "საქართველოს ბანკის" ექსპრეს ფილიალებში.


