
საქართველო რუსეთის ვეტო–ს აღიარებს?
24/12/2021 13:27:52 ინტერვიუ
რეგიონში ახალი სამხედრო აგრესიის მოლოდინისა და კრემლის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული ულტიმატუმის ფონზე, საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენლის ამასწინანდელ განცხადებას –„რუსეთთან არაფორმალური დიალოგის ფორმატმა ხელი შეუწყო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმებასა და უვიზო მიმოსვლასაც კიო“ – საზოგადოების ნაწილის მკვეთრად კრიტიკული რეაქცია მოჰყვა. კრიტიკოსები შიშობენ, რომ ამგვარმა რიტორიკამ შესაძლოა, საზოგადოებაში გააღრმაოს სკეფსისი საქართველოს ნატო–ს წევრობის პერსპექტივის კონტექსტში, მეორეს მხრივ, მსგავსი მიდგომით ოფიციალური თბილისი რუსეთს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსთან მიმართებით ფაქტობრივად ვეტო–ს უფლებას აძლევს. აქვს თუ არა საფუძველი შეშფოთებას? რატომ ჩათვალა მმართველმა გუნდმა რუსეთის დარწმუნება საჭიროდ? როგორ მოხერხდა დარწმუნება და რა მოხდებოდა ვერ დარწმუნების შემთხვევაში? იგივე მეთოდი გამოიყენა თუ არა თბილისმა უკვე ნატო–ს კონტექსტში? – დაგროვილი კითხვებით „აქცენტმა“ საქართველოს პრემიერის სპეცწარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძეს მიმართა.
ზურაბ აბაშიძე: ეს მხოლოდ ჩემი აზრი არაა, ეს აზრია ჩვენი ევროპელი და დასავლელი კოლეგების. ჯერ კიდევ 2014 წლიდან მოყოლებული ამას ვამბობთ. როდესაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ვაწერდით ხელს, მაშინ გაჩნდა კითხვა, ევროკავშირთან ჩვენი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი როგორ იმოქმედებდა ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებზე რუსეთთან? სწორედ ამაზეა საუბარი. მაშინ ჩავატარეთ კონსულტაციები, მოიხსნა კითხვები და ამას მაშინ ყველამ ნორმალურად შეხედა (ჩვენი დასავლელი პარტნიორები მყავს მხედველობაში). ამდენად, ახალი არაფერი თქმულა.
– „თუ კითხვები კვლავ დარჩებოდათ რუსებს, აღარ მოხდებოდა ასოცირების შეთანხმების გაფორმება? – ამ ფორმულირებით ისმება შეკითხვა...
– მაშინ შესაძლოა, პრობლემები გასჩენოდა ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს მეზობელ ქვეყნებთან. დიახ, ასეთი ალბათობა იყო.
– და არა ასოცირების შეთანხმებას?
– არა. ასოცირების შეთანხმებას ჩვენ ვნახეთ უკრაინის შემთხვევაში რა სირთულეები შეექმნა.
– როგორ მოხდა დარწმუნება?
– კონსულტაციები ჩავატარეთ: ჩვენი ექსპერტები შეხვდნენ რუს ექსპერტებს. იყო კითხვები – თუკი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი შეიქმნებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის, შეიძლებოდა, საქართველოს გავლით რუსეთის ბაზარზე მოხვედრილიყო სხვადასხვა პროდუქცია, რაც მათ ინტერესებში არ არის. კითხვები მოიხსნა და არც არანაირი გართულება არ მოჰყოლია.
დიდი დრო გავიდა მას შემდეგ. ეს მე მოვიყვანე როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორების აზრი.
– პარტნიორებისგან მსგავსი ფორმულირება არ მოგვისმენია და მსგავსი პოზიცია დახურულ კარს მიღმა კონსულტაციების დროს ფიქსირდებოდა?
– გვეუბნებოდნენ. მაშინ ამაზე ბევრს ვსაუბრობდით, რომ საქართველომ ყველანაირად სწორი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ უმტკივნეულოდ გაეარა ეს პროცესი. ჩვენ ყოველ მსგავს ნაბიჯებს გავდივართ დასავლელ პარტნიორებთან, მუდმივი კონსულტაციების რეჟიმი გვაქვს. მაშინაც ასე იყო, ახლაც ასეა. ამდენად, ახალი არაფერია ამაში.
– გამოითქვა შიშები, რომ მსგავსმა განცხადებებმა შესაძლოა, საზოგადოების სკეფსისი გააღრმაოს უკვე ნატო–ს კონტექსტში...
– ეს „თითიდან გამოწოვილია“. ვიმეორებ, 2014 წლიდან ამას ვლაპარაკობთ.
– ნატოს– კონტექსტში ანალოგიური კონსულტაციების მცდელობა იყო?
– ნატო–სთან დაკავშირებით ჩვენ რუსებთან კონსულტაციები არ გვქონია და არც ვაპირებთ.
დააკვირდით, რა ხდება ჩვენ ირგვლივ, რეგიონში, მსოფლიოში. რა დროს 2014 წლის ამბებია?!
– თქვენმა განცხადებამ აქტუალობა ამჟამინდელი მოვლენების – რუსეთის აგრესიის და ულტიმატუმების კონტექსტშიც შეიძინა...
– მოკლედ, ეს თემა სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების კონტექსტში იყო განხილული.
– და ბოლოს, როდესაც ბრძანეთ, „ვიზალიბერალიზაციასაც კი შეუწყო ხელიო“, აქ რუსეთი რა შუაში იყო?
– არა, მე ასოცირების შეთანხმება მქონდა მხედველობაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021