როგორია პარლამენტის ახალი თავმჯდომარის ბიოგრაფია
24/12/2021 14:55:30 პოლიტიკა
როგორც დღეს გახდა ცნობილი , კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. "ქართულმა ოცნებამ" აღნიშნულ პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურა წარადგინა.
როგორია შალვა პაპუაშვილის ბიოგრაფია:
დაიბადა 1976 წლის 26 იანვარს. უმაღლესი განათლება მიიღო საქართველოსა და გერმანიაში. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 1998-2002 წლებში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) სტიპენდიით სწავლობდა საარლანდის უნივერსიტეტში (გერმანია), სადაც 1999 წელს მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი, ხოლო 2002 წელს - სამართლის დოქტორის ხარისხი.
2020 წლის 31 ოქტომბერს შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, აირჩიეს საქართველოს პარლამენტის მეათე მოწვევის წევრად. 2020 წლის 15 დეკემბერს აირჩიეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ; ხოლო 2021 წლის 31 მარტს - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარედ. არის ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი.
2021 წლის 16 იანვრიდან არის პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი, ხოლო 2021 წლის 27 მარტიდან - პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი.
შალვა პაპუაშვილი 2003-2007 წლებში იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სამართლის ექსპერტი. 2007-2017 წლებში ხელმძღვანელობდა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის სხვადასხვა მიმართულებას, ხოლო 2017-2020 წლებში იყო სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელი.
2012 წლიდან კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
შალვა პაპუაშვილი არის სამართლის სფეროში ნაშრომების ავტორი. მათ შორის:
* კაზუსების კრებული სამოქალაქო კოდექსის ზოგად ნაწილზე (თანაავტორი)
* გერმანულ-ქართულ-გერმანული იურიდიული ლექსიკონი (თანაავტორი)
* სამოქალაქო პროცესში კასაციის დასაშვებობის ახალი საფუძვლები
* სამართლის განვითარება სამოსამართლო სამართლის მეშვეობით
* სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს კეთილსინდისიერი ხელმძღვანელობის ვალდებულება
ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.


