კუჭავა დეპუტატის მანდატსაც ტოვებს
24/12/2021 15:42:52 პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ცნობით, კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობასთან ერთად დეპუტატის მანდატზეც უარს აცხადებს.
„საკითხი განხილული იყო როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე უმრავლესობის სხდომაზე. კახა კუჭავამ ახსნა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზები. მე და ჩემი კოლეგები მეტ-ნაკლებად საქმის კურსში ვართ იმ დიდ პროექტთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც კახას აქვს თავისი სურვილები და მოსაზრებები. ის რჩება გუნდში, პოლიტსაბჭოში, თანამდებობაზე პარტიაში და გაუძღვება მიმართულებას, რასაც მალე გაიგებს საზოგადოება. მან როგორც პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარ საქმიანობას ალღო ძალიან კარგად აუღო და თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ პარლამენტის ერთ-ერთი წარმატებული თავმჯდომარეა", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
კუჭავას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ამცნო საზოგადოებას. თავის მხრივ კუჭავამ განაცხადა, რომ პროექტით უნდა დაკავდეს, თუმცა უცნობია, რომელ პროექტზე საუბრობს.
კუჭავას შალვა პაპუაშვილი შეცვლის.
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 8 თვის წინ, 2021 წლის 27 აპრილს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე შეცვალა.


