“ჯანდაცვის სექტორი ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს”
26/12/2021 16:33:17 პოლიტიკა
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს ჯანდაცვის სექტორი პანდემიის ნებისმიერი სიდიდის ტალღას გაუძლებს.
„ჩვენ ვთვლით, Covid-ის კომპონენტში დღეს სახელმწიფოს გააჩნია სისტემური პასუხი. მრავალფუნქციური, მრავალდონიანი, სისტემური პასუხი. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი სიდიდის ტალღას ჯანდაცვის სექტორი გაუძლებს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ ჩვენ მოვადუნოთ ყურადღება მთავარი გამოწვევისგან და ვაქცინაციას არ შევუწყოთ ხელი, ვინაიდან გაუძლებს სექტორი, გაუძლებენ ექიმები და დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი ექიმი არ გაიხდის თეთრ ხალათს და არ მიატოვებს პაციენტს საწოლთან ყურადღების გარეშე, თუმცა ყველაფერი ექიმებსაც არ შეუძლიათ და ლეტალობის არსებული მაჩვენებელი, რეალურად, დრამატულია ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რაც ყველას გვაწუხებს და ვთვლით, რომ ვაქცინაცია შემდეგი თვეების და დღეების მთავარი სლოგანი, გამოწვევა და დასაძლევი მიზანი უნდა გახდეს“, - განაცხადა ტიკარაძემ.
იგი დადებითად აფასებს პროტოკოლებს, კოვიდ-სასტუმროების პრაქტიკას და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებს. განსაკუთრებით გამოყო ფილტვის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და რომლის ფარგლებშიც კოვიდ–გადატანილი პაციენტები აბასთუმანში ორი კვირის შემდეგ გადიან რეაბილიტაციას.
მისი თქმით, "ჰოსპიტალურმა სექტორმა შეძლო და რთული ტალღები მართა".
ამასთან, მან დაანონსა, რომ 2022 წლიდან "კოვიდის" სამკურნალოდ საქართველოში შემოვა ანტივირუსული მედიკამენტები.


