Accentnews.ge
"უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია"

"უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია"

27/12/2021 07:45:26 პოლიტიკა

ლონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გამო მმართველ გუნდსა და პარლამენტს აკრიტიკებს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორი ამბობს, კანონპროექტი დამოუკიდებელი ინსტიტუტის წინააღმდეგ არის მიმართული და სამსახურის "დასჯას" ემსახურება.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე თოლორაიამ თქვა, "უკმაყოფილება "ქართულმა ოცნებამ" ჩვენი გაუქმების კანონპროექტად აქცია".

მან განაცხადა, რომ იგი არავის არასდროს უთანხმებდა გადაწყვეტილებებს.

"სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ უკმაყოფილება საქართველოს პარლამენტის წევრების ["ქართული ოცნების"] მიერ კომენტარებშიც პირდაპირი თუ არაპირდაპირი ფორმით იქნა ნათქვამი და დღეს უკვე ეს უკმაყოფილება იქცა კანონპროექტად", - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, კანონპროექტის დაინიცირება დაემთხვა წინასაახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. ამასთან, მის დეკრეტში ყოფნის პერიოდს.

"რატომღაც ჩაითვალა, რომ რამდენიმე დღის ბავშვით ხელში, ვერ შევძლებდი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მისი თითოეული თანამშრომლის ინტერესის დაცვას", - განაცხადა თოლორაიამ.

მისი თქმით, ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ ლიკვიდაცია. მან ამ ცვლილებებს საშიში პრეცედენტი უწოდა.

"უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის არჩევითი თანამდებობა, რომელზეც 2025 წლამდე იყო ლონდა თოლორაია არჩეული და სახელმწიფოს ინსპექტორის ყველა თანამშრომელი 2021 წლის პირველი მარტიდან რჩება სამსახურის გარეშე. ნაცვლად იმისა, რომ სამსახურის კვალიფიციური თანამშრომლები გადანაწილდნენ სახელმწიფო სამსახურის ბაზაზე შექმნილ ორ სხვადასხვა უწყებაში, როგორც ეს მოხდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის დროს 2019-ში და როგორც მოხდა ეს განათლებისა და კულტურის სამინისტროს გაყოფის დროს, საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა არა მხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, არამედ სრულიად ყველა თანამშრომლის. ანუ მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებელია ყველა თანამშრომელი. ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი არამხოლოდ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის, ეს არის ძალიან საშიში პრეცედენტი ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირისთვის ეს არის სიგნალი იმისა, რომ ისინი უნდა იყვნენ ძალიან ჭკვიანად. ეს არის ასევე მესიჯი ყველა საჯარო მოხელისთვის, რომ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის შესაძლებელია ისინი ასე ძალიან მარტივად შესაძლოა დარჩნენ სამსახურის გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, ლონდა თოლორაია არასდროს არ ყოფილა და არ იქნება პროგრესული რეფორმის წინააღმდეგი, თუმცა ყველასთვის ცხადია, რომ ეს არ არის რეფორმა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტისა და დამოუკიდებელი თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. ეს არის სამსახურის დასჯა დამოუკიდებლობისთვის", - განაცხადა თოლორაიამ.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს წარედგინება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S