Accentnews.ge
"წარსულში ინსპექტორის ფუნქციების გაერთიანება ერთ-ერთი ლიდერის ინტერესი იყო"

"წარსულში ინსპექტორის ფუნქციების გაერთიანება ერთ-ერთი ლიდერის ინტერესი იყო"

27/12/2021 08:53:27 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თავის დროზე, "კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო" არ გაიმიჯნა სახელმწიფო ინსპექტორის ფუნქციები.

ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძე ამას მათი ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს.

"საყოველთაო რეკომენდაცია იყო, რომ ეს სამსახური ორ ნაწილად ჩამოყალიბებულიყო და გამიჯნულიყო ერთმანეთისგან გამოძიების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციები. თავის დროზე კონკრეტული პოლიტიკური მიზეზების გამო ასე არ მოხდა. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები, მაშინაც უმრავლესობა ემხრობოდა სწორად", - განაცხადა კობახიძემ და არ უპასუხა კითხვას, გულისხმობს თუ არა ლიდერში ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძის თქმით, კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ, საქმის კურსში ჩააყენეს სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია.

„როცა მოხდა დაინიცირება, შემდეგ ჩავაყენეთ ჩვენ საქმის კურსში პირველ რიგში სამსახურის ხელმძღვანელი. ეს გააკეთა იურიდიული კომიტეტის ხელმძღვანელმა. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება და აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაინიცირეთ კანონპროექტი. ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ, რაზეა საუბარი – არის ორი აბსოლუტურად განსხვავებული ფუნქცია ერთმანეთთან ხელოვნურად გაერთიანებული. ეს არის გამოძიება და პერსონალური მონაცემები. დაახლოებით იგივეა, ერთად რომ ჩამოყალიბდეს შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტრო, ხომ არის აბსურდი. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკური ინტერესი იყო ამაში, მაშინ იყო განსხვავებული მოსაზრებები გუნდის შიგნით, ამას არ გავშლი. არ ვასახელებ არავითარ გვარს. თავის დროზე, გუნდში უმრავლესობა იყო მომხრე, რომ სწორად ჩამოყალიბებულიყო ინსტიტუციურად. ჩვენ არავითარი პრობლემა კონკრეტულად ლონდა თოლორაიას მიმართ არ გვაქვს, აქ საუბარია ინსტიტუციურ და სამართლებრივ რეფორმაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გვაქვს ამ ფაქტის მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, გაუქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. საკანონმდებლო პაკეტი ინიცირებისთვის მზად არის და პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 28 დეკემბერს წარედგინება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S