სააკაშვილი: "პრეზიდენტი მარგველაშვილი პატივისცემას იმსახურებს"
27/12/2021 14:34:11 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მეოთხე პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მეოთხე პრეზიდენტი პატივისცემას იმსახურებს.
„პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს.
ჩემთვის ძალიან საინტერესო, შინაარსიანი და ვრცელი შეხვედრა მქონდა მასთან. მიუხედავად წარსულში სერიოზული პოლიტიკური განსხვავებებისა, არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი იმსახურებს პატივისცემას", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი მარგველაშვილის შესახებ რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს:
„ჩემთვის განსაკუთრებით ფასეულია, რომ მან, ბევრისგან განსხვავებით, არ გამოიყენა საკუთარი თანამდებობა პირადი გამდიდრებისთვის და პრეზიდენტობის შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს.
დავრწმუნდი, რომ გულთან ძალიან ახლოს მიაქვს ხალხის გაჭირვებული ყოფა. ჩემში ეჭვს არ იწვევს მისი პატრიოტიზმი და პროდასავლური ორიენტაცია. ასევე, ვაფასებ მის ინიციატივებს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დიალოგზე, პოლიტიკური მართლმსაჯულების შეწყვეტაზე. აბსოლუტურად ზუსტად და თამამად გამოთქვამს იმ რეალობას, რომ მე ვარ ნამდვილად პუტინის პირადი პატიმარი.
არ შეიძლება არ დავაფასოთ, რომ ამ ძნელბედობის ჟამს მან თავის თავზე აიღო მაკონსოლიდირებელი როლი. ეს ახლა ყველაზე მეტად სჭირდება საქართველოს და ამ მხრივ, ორივემ, სალომე ზურაბიშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა შეიძლება შეასრულონ ნამდვილად ისტორიული მისია".
სააკაშვილი აცხადებს, რომ მხარს უჭერს პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას, „თუნდაც იმ პირობებში, როგორც დღეს ნიკა მელიამ თქვა, შანსი მინიმალურიც რომ იყოს".
ყოფილმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა სამი პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს საკითხი განიხილა მარგველაშვილთან:
„ჩემი მხრიდან ყოველგვარი პირადი თხოვნების, (განსაკუთრებით, შეწყალების თაობაზე), გარეშე".


