"სააკაშვილი ამბობს რომ გეგმავდნენ გორის ჰოსპიტლიდან მის გადაყვანას"
27/12/2021 21:19:42 პოლიტიკა
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა შიდა ქართლში ანა ჯანიაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
„მე დღეს მოვინახულე ბატონი მიხეილ სააკაშვილი. მან მითხრა, რომ მასთან შევიდნენ საღამოს და აცნობეს, რომ იგეგმებოდა მისი გადაყვანა, რის გამოც მან გაუწია წინააღმდეგობა. შემდეგ უკვე აღარ ახსოვს რაღაც ეტაპი და როდესაც მოვიდა გონებაზე, განაცხადა, რომ უთხრეს, აღარ მოხდებოდა მისი ჰოსპიტლიდან გაყვანა“, - თქვა ანა ჯანიაშვილმა.
როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელი ამბობს, სააკაშვილისთვის უცნობია, სად გეგმავდნენ მის გადაყვანას:
„მითხრა, მოვითხოვე, მაგრამ არ მითხრესო“.
ანა ჯანიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ემოციური ფონის შემდეგ, სიტუაციის დასტაბილურებამდე, ჰოსპიტალმა მიიღო მისი გადაყვანის შეჩერების გადაწყვეტილება:
„როდესაც აცნობეს მას ეს [გადაყვანის შესახებ] გადაწყვეტილება, თქვა, რომ წნევამ აუწია და შემდეგ უკვე დასტაბილურდა“.
სახალხო დამცველის წარმომადგენელს ინფორმაცია არ აქვს, რა ვადით შეჩერდა მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის პროცესი.
როგორც ანა ჯანიაშვილი აღნიშნავს, სააკაშვილმა თქვა, რომ შესაძლოა, პროტესტის ნიშნად კვლავ შიმშილობა დაიწყოს.


