ოხანაშვილი აშშ–ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ: "პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს"
28/12/2021 07:56:28 პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან შეხვედრა ნაყოფიერი იყო.
როგორც მან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, "პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს":
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და აზრთა გაცვლა. რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის პოზიციას ყოველთვის ვისმენთ, ვცვლით პოზიციებს და ვმსჯელობთ. ჩვენ მას მივაწოდეთ მთელი რიგი საკითხები, საკმაოდ ნაყოფიერი და ინტენსიური მსჯელობა, პოზიციების გაცვლა იყო. დეტალებთან დაკავშირებით ყურადღებას აღარ გავამახვილებ. რა თქმა უნდა, პარლამენტი საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად იმოქმედებს. საქართველოს პარლამენტი აგრძელებს მუშაობას კანონპროექტებზე და საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში. ჩვენ ვაგრძელებთ კანონპროექტების განხილვას. ის მსჯელობა, დისკუსია, რაც ჩვენს პარტნიორთან გვქონდა, ასევე კომიტეტში რაც იქნება, გუნდის შიგნით მსჯელობის საგანი გახდება. შესაბამისად, ეტაპობრივად კანონპროექტთან მიმართებით, თუ ამის რესურსს მოგვცემს საკანონმდებლო ტექნიკა, შესაძლებელია გარკვეული ცვლილებები ავსახოთ, თუმცა საქართველოს პარლამენტი აგრძელებს საპარლამენტო სუვერენიტეტის შესაბამისად კანონპროექტების განხილვას“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" წევრ დეპუტატებთან შეხვედრის დროს შეშფოთება გამოთქვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინიცირებულ კანონპროექტზე.
დეგნანის თქმით, პროცესი ნაჩქარევად, ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე მიმდინარეობს სასამართლო სისტემაში შესატანი ცვლილებების შემთხვევაშიც:
"კომიტეტების თავმჯდომარეებთან ჩვენი შეშფოთება გამოვთქვით იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ეხება. განსაკუთრებით გაუგებარია ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება. კომიტეტების წევრებმა გვიპასუხეს შეკითხვებზე და ვფიქრობ, მათ გაითვალისწინეს ჩვენი შეშფოთება, რასაც ძალიან ვაფასებ. ჩვენ ასევე განვიხილეთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს დისციპლინარული პროცესი სასამართლო სისტემაში. ჩვენ აქაც გამოვთქვით შეშფოთება, რომ პროცესი ნაჩქარევად მიმდინარეობს, ინკლუზიური კონსულტაციების გარეშე, რაც საქართველოს ინტერესებში არ არის. ორივე ამ საკითხზე ჩვენ მოვუწოდეთ კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ შეაჩერონ ეს პროცესი და განაახლონ მხოლოდ მას შემდეგ, რაც იქნება უფრო ფართო განხილვა, ყველა მხარის ჩართულობით".
ცნობისთვის: დღეიდან პარლამენტის კომიტეტებში დაჩქარებული წესით საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. უმრავლესობის დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივას საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ.


