"ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა"
28/12/2021 08:12:36 პოლიტიკა
ეს არ არის რეფორმა, ეს არის შტურმი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურზე, რომელიც არის დამოუკიდებელი სამსახური, რომელიც თავის გადაწყვეტილებებს არავის უთანხმებდა. ეს არის სამსახურზე შურისძიება, - ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებისა და მის ნაცვლად, ორი ახალი უწყების შექმნის შესახებ უცნობი იყო.
„გარდა იმისა, რომ ჩემთან არანაირი კონსულტაციები არ ყოფილა, აღნიშნული კანონპროექტის დაინიცირების შემდეგაც კი, გუშინ ბიუროზე გასვლის შემდეგაც კი, ჩემთვის არავის გამოუგზავნია. უფრო მეტიც, ბიუროს სხდომის დასრულებიდან რამდენიმე საათის შემდეგ გახდა ეს კანონპროექტი სრულად ხელმისაწვდომი. ცხადია, ეს დრო არ იყო საკმარისი იმისთვის,რომ სამსახური ამ კანონპროექტს სრულყოფილად გაცნობოდა, თუმცა ცხადია, ჩვენ მის ძირითად დებულებებს მაინც გავეცანით. ეს არის ზუსტად ის, რაზეც მე გუშინ დილიდან ვსაუბრობდი. ამ კანონპროექტით დაგეგმილია არამხოლოდ სახელმწიფო სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება. რა თქმა უნდა, ამაზე ჩემი კრიტიკულია პოზიცია მექნება. სწორედ ამიტომ მოვედი, რომ კომიტეტების სხდომას დავსწრებოდი. კომიტეტების სხდომების დროსთან დაკავშირებული ინფორმაციაც სამწუხაროდ, ძალიან გვიან გახდა ჩვენთვის ცნობილი. ფაქტობრივად, ვმკითხაობდით, რომელ საათზე იწყებოდა ამა თუ იმ კომიტეტის სხდომა“,-განაცხადა თოლორაიამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური არ გაუქმდება.


