სახალხო დამცველის რწმუნებული: "სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება"
28/12/2021 17:26:25 პოლიტიკა
სახალხო დამცველის რწმუნებული საბა ბრაჭველი აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ხვალიდან ახალი მკურნალი ექიმი ეყოლება.
როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ექიმი ახლანდელი მკურნალი ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებიდან გამომდინარე შეიცვალა.
ომბუდსმენის რწმუნებულს დღეს გორის ჰოსპიტალში შესვლის შესაძლებლობა არ მიეცა:
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ჩანაწერის მიხედვით, გვაქვს უფლება, რომ შევიდეთ და შევხვდეთ თავისუფლებააღკვეთილ პირს დახურულ დაწესებულებაში. ამჟამად სააკაშვილი მოთავსებულია ჰოსპიტალში, თუმცა მასზე ვრცელდება ყველა ის წესი, რომელიც ვრცელდება სხვა პატიმრებზე. ამას აუცილებლად უნდა მოყვეს სამართლებრივი რეაგირება. გუშინ, თავად პატიმრის განცხადებით, იყო არასათანადო მოპყრობის ერთ-ერთ ფაქტი, გვინდოდა ამაზე დამატებითი მტკიცებულების მოპოვება. ჩვენი არშეშვება აჩენს კითხვის ნიშნებს, ხომ არ დამძიმებულა მდგომარეობა ან ხომ არ აქვს რამე ისეთ შეზღუდვას ადგილი, რომლის შესახებაც საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია. გვითხრეს, რომ ამჟამად პაციენტს რეანიმატოლოგი მეთვალყურეობს, რეანიმატოლოგთან შეხვედრაზეც თანახმა ვიყავით, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს, არც დოკუმენტაციას გაგვაცნეს და არც პატიმარს შეგვახვედრეს“.
ცნობისთვის: გორის სამხედრო ჰოსპიტლის ექიმმა ნინო გოგორიშვილმა სააკაშვილის ადვოკატ ნიკა გვარამიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და მისი, როგორც ექიმის, დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.
დღეს ნიკა გვარამიამ გორის ჰოსპიტლიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს გააცნო ექიმ ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი, სადაც გვარამიას თქმით, მკურნალი ექიმი ამბობს, რომ "თუ მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაცია საქართველოში თავისუფლების პირობებში არ მოხდება, მაშინ რეკომენდირებულია სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა".


