ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი: "მოვუწოდებ პარლამენტს თავი შეიკავოს ინსპექტორის გაუქმებაზე კანონის მიღებისგან"
28/12/2021 18:05:08 პოლიტიკა
ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი დუნია მიატოვიჩი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის მიღებისგან.
"კანონპროექტი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, რომელსაც ევალება პერსონალური მონაცემების დაცვა და სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას. მიღების შემთხვევაში, აღნიშნული კანონი დაასუსტებს ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის დამოუკიდებელ ფუნქციონირებას“, – აცხადებს მიატოვიჩი.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაა. ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. ლონდა თოლორაიას შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მისი დამოუკიდებლობის გამო სჯიან.


