უკრაინა საქართველოს სააკაშვილის მიმართ პატივისცემით მოპყრობისკენ მოუწოდებს
29/12/2021 05:40:47 პოლიტიკა
უკრაინა საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატივისცემით მოპყრობისკენ მოუწოდებს.
"მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან საპატიმროში გადაყვანის გუშინდელი მცდელობა არ განხორციელებულა სათანადო წესების დაცვით. ადვოკატებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა და მას შემდგომი რეაბილიტაცია სჭირდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, პატივისცემით მოექცეს უკრაინის მოქალაქეს და არ დაუშვას ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. უკრაინელი დიპლომატები საქართველოში აგრძელებენ სიტუაციის განსაკუთრებულ კონტროლს, ასევე, მუდმივ დიალოგში არიან საქართველოს ხელისუფლებასთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან", - უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ამასთან, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოში უკრაინის კონსული ხვალ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულებს.
კიევი აცხადებს, რომ "ქართულმა მხარემ უნდა მისცეს უკრაინელ ექიმებს უფლება მიხეილ სააკაშვილი გამოკვლევის მიზნით მოინახულონ".
"ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას უკრაინაში მის დაბრუნებაზე ჰუმანიტარული მიზეზების, მკურნალობისა და რეაბილიტაციის მიზნით. ასეთი ნაბიჯის აუცილებლობა აშკარაა“, - ნათქვამია განცხადებაში.


