„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მოშიმშილე სამი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს
29/12/2021 06:00:23 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მოშიმშილე სამი ადამიანი კლინიკაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიყვანეს. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა გიორგი ბოტკოველმა განცხადა.
შიმშილობის მონაწილეთა მოთხოვნა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.
"პროტესტის გამოხატვის მიზანი არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ერთხელ და სამუდამოდ, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, რომლის წინაშე წარდგენაზეც უარს არც არავინ იტყვის არასდროს. თავს მხნედ ვგრძნობთ. მოტივაცია ადამიანების ყოველდღიურად იზრდება იმიტომ, რომ ეს არის შინაგანი რწმენა ადამიანების, რომლითაც აქ სხედან. მათი ბრძოლა დარწმუნებული ვარ, შედეგს გამოიღებს და გამარჯვებით დასრულდება", - თქვა ენმ-ის წევრმა გიორგი ბოტკოველმა.
როგორც პარტიის წევრმა ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის კარვებში 300-მდე ადამიანი აგრძელებს შიმშილობას. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
"შიმშილობის მე-9 დღეა. დაახლოებით 300-მდე ადამიანი კვლავ აგრძელებს შიმშილობას. რამდენიმე მათგანის გადაყვანა მოუხდა სასწრაფო დახმარების ბრიგადას, თუმცა დანარჩენების მდგომარეობა არის მეტნაკლებად სტაბილური. აგრძელებენ ბრძოლას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არავინ აღარ იშიმშილოს, მათ შორის ბავშვებმა, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყვნენ პოლიტიკური პატიმრები და პუტინის პირადი ტყვე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ოპოზიციის ყველა ლიდერზე, ყველა მედია მენეჯერზე დამთავრდეს", - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ.


