ხოშტარია პრეზიდენტს მოუწოდებს, ვეტო დაადოს სასამართლოების და ინსპექტორის შესახებ კანონებს
29/12/2021 09:14:28 პოლიტიკა
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, ვეტო დაადოს საერთო სასამართლოების შესახებ კანონს, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას. ორივე კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით იღებს.
"ქართულმა ოცნებამ" ღრმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მათი გადმოსახედიდან მშვიდ პერიოდში, სამი ძალიან საგანგაშო პროცესი წამოიწყო. პირველი - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება, მეორე - საერთო სასამართლოების კანონში ცვლილებები, მესამე - ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესი. სამივე საკანონმდებლო ინიციატივა არის ძალიან ღია დემონსტრაციული თავდასხმა ინსტიტუტებზე - სახელმწიფოს მიტაცების ძალიან თავხედური აქტი", -განაცხადა ელენე ხოშტარიამ.


