"ეს პარლამენტი სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ამ დარბაზში აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან"
29/12/2021 09:18:00 პოლიტიკა
"ჩვენი ეროვნული ამოცანაა ქვეყნის გამთლიანება და ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების დაბრუნება",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"ეს პარლამენტიც სრულფასოვანი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამ დარბაზში ჩვენთან ერთად აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან არჩეული წარმომადგენლები ისხდებიან. ეს ის ამოცანაა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. ჩვენ გვაქვს გამორჩეული ქვეყანა, ღირსეული ხალხით, უნიკალური ისტორიით, მდიდარი კულტურითა და სულიერების სადარაჯოზე მდგომი ეკლესიით. ეს ქვეყანა და ეს ხალხი იმსახურებს ერთიანობას, კეთილდღეობას, წინსვლას და განვითარებას; სწორედ ამიტომ, ჩვენი განსაკუთრებული ვალია, ჩვენი ფიქრი და საქმე მივუძღვნათ ამ მიზანს. ეს იქნება ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, მთავარი ამოცანა. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.


