Accentnews.ge
კობახიძე  - ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: "არის უმარტივესი კანონპროექტი, არსებითად არაფერი იცვლება, იგივე რჩება დანიშვნა-გათავისუფლების წესი, ინსტიტუციური მოწყობა და ყველაფერი"

კობახიძე  - ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: "არის უმარტივესი კანონპროექტი, არსებითად არაფერი იცვლება, იგივე რჩება დანიშვნა-გათავისუფლების წესი, ინსტიტუციური მოწყობა და ყველაფერი"

29/12/2021 10:49:56 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე კანონპროექტი "უმარტივესია და არსებითად არაფერი იცვლება, იგივე რჩება დანიშვნა-გათავისუფლების წესი, ინსტიტუციური მოწყობა და ყველაფერი".

„არის უმარტივესი კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ მოცულობა არის დიდი, კანონპროექტი არის ძალიან მარტივი, კერძოდ, ერთი სამსახურის ჩანაცვლება ხდება ორი სამსახურით, - ეს არის ამ პაკეტის თავიდან ბოლომდე შინაარსი. არსებითად არაფერი იცვლება, იგივე რჩება დანიშვნა-გათავისუფლების წესი, ინსტიტუციური მოწყობა და ყველაფერი. ერთადერთი, რაც იცვლება შინაარსობრივად, ეს არის ის, რომ გამოძიების ნაწილში ფართოვდება მანდატი და კომპეტენცია. როდესაც ჩვენ გვქონდა საუბარი, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა სუბიექტებთან, ყველა აღიარებს, რომ ინსტიტუციური და სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს ყველაფერი არის გამართული. ერთადერთი, რაზეც კითხვა დაისვა, დაჩქარებული წესით რატომ განიხლება", – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სახელმწიფო ინსპექტორს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო სამსახურში თანამდებობა შესთავაზა, რაც ამ უწყებისა და თანამშრომლების მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას გამოხატავს:

"ლონდა თოლორაია თითქმის სამი წელია იკავებს ამ თანამდებობას, ჩვენ ნაკლებად გვქონდა მასთან თანამშრომლობა, მაგრამ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდათ და ვიცი, რომ ისინი კმაყოფილი არიან ამ თანამშრომლობით. ის იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს კადრი და სწორედ იქიდან გადავიდა ახალ უწყებაში. თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. როდესაც პრემიერი ლონდა თოლორაიას სთავაზობს ანალოგიური თანამდებობას, საჯარო სამსახურს, რა თქმა უნდა, აქედან ჩანს, ჩვენი დამოკიდებულება მთლიანად ამ უწყების თანამშრომლების მიმართ, როგორც ხელმძღვანელის, ისე სხვა თანამშრომლების მიმართ. აქედან გამომდინარე, აშკარად სპეკულაციებია იმაზე საუბარი, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრობლემები".

რაც შეეხება ერთი სამსახურის ორი სამსახურით ჩანაცვლების მიზეზს, კობახიძემ შემდეგი განაცხადა:

"მიზეზი არის მარტივი, ეს იყო აბსოლუტურად ყველას რეკომენდაცია და პოლიტიკური გუნდის შიგნითაც, უმრავლესობა იყო სწორედ იმის მომხრე, რომ ცალ-ცალკე შეიქმნას ეს ორი სამსახური. ინსტიტუციურად წესრიგდება ის არასწორი მოცემულობა, რომელიც დღემდე იყო ჩამოყალობებული გასული 3 წლის განმავლობაში. დაჩქარების მიზეზი იყო ის, რომ სინამდვილეში, პაკეტი არის ძალიან მარტივი და თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება არის მიღებული იმასთან დაკავშირებით, რომ ინსტიტუციური სისტემა უნდა შეიქმნას, რატომ უნდა გადაიდოს დამატებით, მაგალითად, 3-4 თვით?!“.

“ოცნების” მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და ამ უწყების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება. მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავად სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკისა, გუშინ კანონპროექტს მხარი სამმა კომიტეტმა დაუჭირა. დღეს კი “ოცნების” კანონპროექტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე გაიტანეს განსახილველად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S