სამიტებით დატვირთული იანვარი კრემლის მუქარის ფონზე: სად შეიძლება, მოიძებნოს კომპრომისი?

29-12-2021 19:34:07 ინტერვიუ ,ანალიზი

კრემლი ნატო–სთვის წაყენებული ულტიმატუმების კონტექსტში, რომელიც პოსტ საბჭოთა სივრცის მის გავლენის სფეროდ აღიარებას ითვალისწინებს, მუქარანარევ შტურმს ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. რა მიმართულებას შეიძენს რუსეთ–დასავლეთის ეს მზარდი დაპირისპირება, მომავალ წელს უნდა გახდეს ცნობილი, შესაძლოა, მას შემდეგაც, რაც შედგება იანვარში დაანონსებული შეხვედრები: როგორც ცნობილია, უსაფრთხოების საკითხებზე აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლების მოლაპარაკებები 10 იანვრისთვის იგეგმება, რუსეთსა და ნატო–ს შორის – 12 იანვარს, ხოლო უფრო ფართო რეგიონული შეხვედრა მოსკოვს, ვაშინგტონსა და ევროპის რამდენიმე ქვეყანას შორის 13 იანვრისთვისაა დაგეგმილი.

"როდესაც ჩვენ დავსხდებით სალაპარაკოდ, რუსეთს შეუძლია, წარმოადგინოს თავისი შეშფოთებები და ჩვენც ჩვენს შეშფოთებას დავაყენებთ რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. იქნება სფეროები, სადაც ჩვენ შევძლებთ პროგრესის მიღწევას და სფეროები, სადაც ვერ შევთანხმებით. სწორედ ეს არის დიპლომატია", - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა.

ამრიგად, როგორც წინმსწრებად არაერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა, მათ შორის რუსეთში აშშ–ის ელჩმა აღნიშნა, მზად არიან მოლაპარაკებებისთვის, შესაძლოა, იყოს კომპრომისებიც, თუმცა ხაზგასმით განიმარტა, რომ ვერ მოხდება კომპრომისი იმგვარ საკითხებზე, რომელიც შეეხება ნატო–ს წევრი სახელმწიფოების ტერიტორიებზე განლაგებულ შეიარაღებულ ძალებს, ნატო–ს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებას და რომ ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის, პატარა ქვეყნის ნაცვლად, სად სურს მას საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. იგივე არაერთგზის გაიმეორა ნატო–ს გენერალურმა მდივანმაც. მაშ რას შეიძლება, შეეხებოდეს კომპრომისები?

პროცესზე დამკვირვებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ დასავლეთში გაიზარდა საფრთხის განცდა და მოლოდინი, რომ რუსეთი შესაძლოა, მართლა შეიჭრას უკრაინაში, რაც გამანადგურებელი იქნება რუსეთისთვის, მოუწევს რა დასავლეთს ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება – აქამდე არნახული სანქციების (ეკონომიკურ, ფინანსურ, პერსონალურ, სამხედრო–პოლიტიკური მიმართულებით) შემოღება და ვეღარ შემოიფარგლება საშუალო რგოლის ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიმართული ზომებით. მაგრამ ასევე მძიმე იქნება ევროპისთვის და ცხადია, უკრაინისთვის.

მეორეს მხრივ, მათი ხედვით, ვინაიდან ვლადიმირ პუტინმა „ტემპერატურა“ უკიდურესად ასწია, ეცდება, მოლაპარაკებები მისთვის სასარგებლო „ნადავლით“ დაასრულოს, თუმცა ესმის წაყენებული ულტიმატუმის უპერსპექტივობაც და აქ შესაძლოა, კომპრომისი ბირთვული უსაფრთხოების კონტექსტში ახალი შეთანხმება გახდეს, ან დასავლეთის მხრიდან კონკრეტულ ლოკაციებზე ახალი არსენალის არგანთავსებაზე თანხმობა. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კომპრომისის შესაძლებლობას ვერ ხედავს საქართველოს ყოფილი ელჩი უკრაინაში და ასევე ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი:

„ვფიქრობ ამგვარი ვალდებულების აღებას ამერიკელები არ დასთანხმდებიან. არც რუსები დასთანხმდებიან, რომ ახალ შეიარაღებას არ განათავსებენ მაგალითად, ყირიმში. თუ ურთიერთკომპრომისებზე იქნება საუბარი და შეთანხმდებიან, რომ რუსეთი ყირიმიდან გაიყვანს უკანასკნელ პერიოდში განთავსებულ ტაქტიკურ შეიარაღებებს, შესაძლოა, ნატო–ს მხრიდან შემხვედრი ნაბიჯები იქნას გადადგმული, მაგრამ ეს ორმხრივი მოძრაობა უნდა იყოს. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთს რესურსი, აგრესიული ტონით ელაპარაკოს კოლექტიურ დასავლეთს, არ აქვს. რუსეთი მარტოდ დარჩა ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის (რომელიც რუსეთის დომინაციით შეიქმნა და რომელშიც შედიან ბელარუსი, სომხეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და უზბეკეთი) დაპირისპირება ნატო–სთან, სასაცილოა, ისევე, როგორც რუსეთის დაპირისპირება აშშ–სთან შეუდარებელი რესურსების გამო. რუსეთი შესაძლოა, სისხლის ღვრისთვის მზადაა, მაგრამ მან კარგად იცის საკუთარი ისტორია: მსგავსი ავანტიურისტული საომარი მოქმედებები ადრეც დაუწყია, მაგალითად, საბჭოთა კავშირს ავღანეთის წინააღმდეგ, რაც ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლით და ორი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლით დასრულდა. დღეს რუსეთი საკუთარი პრობლემებითაა დახუნძლული: ეკონომიკური სტაგნაცია, ინფლაცია, სეპარატიზმი, რეგიონების ერთმანეთთან დაპირისპირება, ზედმეტად ცენტრალიზებული მართვა, რის გამოც ქვეყანა ეფექტურად ვერ ფუნქციონირებს – რუსეთი საბჭოთა კავშირის გზას იმეორებს და ამაზე საუბრობენ თავად რუსი მკვლევრები. რუსეთის ბლეფი წაგებული თამაშია“.

ანალიტიკოსი გამორიცხავს, კომპრომისულ საკითხებს შორის აღმოჩნდეს საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი – შავი ზღვის უსაფრთხოების თემა, რადგან ეს ნატო–სა და უშუალოდ აშშ–ის მხრიდან უკან დახევა და რუსეთის გავლენის სფეროდ აღიარება იქნებოდა:

„აქ უკან დახევა იქნება სერიოზული დარტყმა აშშ–ის რეპუტაციასა და ავტორიტეტზე, რისი ფუფუნებაც ამერიკას არ აქვს. როგორ წარმოგიდგენიათ ამის შემდეგ ამერიკის მიერ იგივე ჩინეთთან პოლიტიკის წარმოება და შორეულ აღმოსავლეთში საკუთარი ინტერესების გამტკიცება? ჩინეთს რეალურად გაცილებით მეტი წონა აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში, ეკონომიკურად გაცილებით თვითმყოფადი ქვეყანაა. აშშ–ს ამიტომაც არ აქვს ფუფუნება, რუსეთს დაუთმოს თუნდაც შავი ზღვა. იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ აშშ–ისა და ნატოს პოლიტიკა ფასეულობებსა და პრინციპებზეა დაფუძნებული. ხოლო მსგავსი შეთანხმება ამ პრინციპების უგულებელყოფა იქნებოდა“.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აშშ სადღეისოდ მთავარ გამოწვევად ჩინეთს მიიჩნევს, ანალიტიკოსი გამორიცხავს, ამერიკამ რიგი კომპრომისების ხარჯზე, რუსეთთან ჩინეთის შეკავების შეთანხმებული, გრძელვადიანი პოლიტიკა აწარმოოს:

„ეს ორი ქვეყანა აბსოლუტურად განსხვავებულ ენებზე საუბრობს, განსხვავებული პოლიტიკური სისტემები აქვთ, განსხვავებულ პრინციპებსა და ფასეულობებზე აგებენ თავიანთ პოლიტიკას. ამიტომ, ტაქტიკური და მით უფრო, სტრატეგიული კავშირი იმ ფონზე, რომ რუსეთი საერთაშორისო თამაშის ყველა წესს არღვევს და არასანდოა, წარმოუდგენლად მიმაჩნია. რუსეთი რომ საკუთარ ხელმოწერილ დოკუმენტს პატივს არ სცემს, ეს ჩვენ, მოლდოვამ, უკრაინამ, აზერბაიჯანმა ვიცით, მაგრამ მან იგივე სტანდარტების დანერგვა დაიწყო დასავლეთთან, როდესაც, მაგალითად, უგულებელყო ბუდაპეშტის მემორანდუმი რომელზეც რუსეთის პრეზიდენტს ჰქონდა ხელი მოწერილი აშშ–ის პრეზიდენტთან ერთად. ამან საერთაშორისო ურთიერთობებში ნდობის კრიზისი წარმოშვა. როდესაც ნდობა არაა, განსხვავებული ხედვებია პრინციპების მიმართ, წარმოუდგენელია სტრატეგიულ კავშირებზე საუბარი“.

ამრიგად, ჩეჩელაშვილი ასკვნის, რომ რუსეთსა და აშშ–ს თავიანთი დღის წესრიგები აქვთ, მხარეთა არგუმენტები მკაფიოა, რაც მორიგ ჯერზე ცხადყოფს, რომ საქართველო ბარიკადების სწორ მხარეს უნდა დადგეს და გახდეს ცივილიზებული სამყაროს ერთიანი პოლიტიკის ნაწილი რუსეთის მიმართ, რადგან საქართველოს პრობლემების გადაწყვეტა რუსეთთან ორმხრივ ფორმატსა თუ „არ გაღიზიანების“ პოლიტიკის წარმოებით, ილუზიაა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები