სუს–ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყნიდან რუსი ჯაშუშები გააძევეს

29-12-2021 22:46:03 პოლიტიკა

ჯაშუშური ქსელების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა „რუსთავი 2“–ის ეთერში ისაუბრა.

მას კითხეს, ის 12 საქმე, რომელზეც გამოძიებას კონტრდაზვერვის სამსახური აწარმოებს, ეხება თუ არა ჯაშუშებს და არიან თუ არა მათ შორის რუსეთის სასარგებლოდ მომუშავეები.

"მე შემიძლია, გითხრათ, რომ თითოეული ეს შემთხვევა უკავშირდება ჯაშუშურ ქსელებს, უკავშირდება კონკრეტულ თემებს, რომლებიც კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა ჩათვალა, რომ წარმოადგენდა დიდი ინტერესის მქონე საკითხებს და დაიწყო გამოძიება. გამოძიების დაწყების საფუძველი არსებობდა 12-ვე შემთხვევაში, თუმცა კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი მიზანი არ გახლავთ მხოლოდ გამოვლენილი ჯაშუშების სამართლებრივად დასჯა. მთავარი მიზანი არის ჯაშუშური ქსელების გამოვლენა და საქმიანობის ხელშეშლა. გაძევებები ჩვენც გაგვიკეთებია, თუმცა ამას საჯაროდ არ ვაკეთებთ, რა თქმა უნდა, მათ შორის რუსეთის ჯაშუშების. შეკავების პოლიტიკა, მათ შორის საზღვარზე, გამოვლენილი ჯაშუშებისთვის დისკომფორტის შექმნა, არის საფუძველი იმისა, რომ ნაკლები ჯაშუში იმყოფებოდეს ჩვენს ქვეყანაში.

ეს არის კონტრდაზვერვითი საქმიანობის მთავარი მოტივი და არა ის, რომ სატელევიზიო შოუები მოვაწყოთ ბორკილდადებული ჯაშუშების ჩვენებით, ეს არ არის ჩვენთვის საინტერესო, ჩვენთვის საინტერესოა ჯაშუშური ქსელი იქნას გამოვლენილი, გაუვნებელყოფილი და ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას," - განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლიდან დღემდე არ ერთი რუსი ჯაშუშის დაკავების შესახებ არ გამხდარა ცნობილი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები