"ოცნების" რეაქცია სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე: "კანონი უნდა აღსრულდეს"
30/12/2021 08:29:34 პოლიტიკა
"კანონი უნდა აღსრულდეს", – ასე ეხმიანებიან გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანის ფაქტს "ქართულ ოცნებაში".
როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, "პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს წინასაახალწლო პერიოდში განცდა, რომ უსამართლობა შეიძლება იყოს დაშვებული":
„სახელმწიფოსთვის და კონკრეტულად, პენიტენციური სისტემისთვის საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდეს, რასაც ექიმები ადასტურებენ, რასაც ასევე ადასტურებს ის კონსილიუმი, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. სხვა მოსაზრება და სხვა სამედიცინო დასკვნები გააჟღერეს ადვოკატებმა, ეს გასაგებია. ფაქტია, კანონი უნდა აღსრულდეს. გარდა ამისა, ერთი მნიშვნელოვანი თემაც არის, რომ პატიმართა საზოგადოებაში არ უნდა გაჩნდეს განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში იმის განცდა, რომ უსამართლობა შეიძლება იყოს დაშვებული და მათგან განსაკუთრებული მოპყრობა ჰქონდეს რომელიმე პატიმარს გამორჩევის საფუძველზე".
"ოცნების" კიდევ ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ გორის ჰოსპიტალი არ არის ის დაწესებულება, სადაც მსჯავრდებული უნდა იხდიდეს სასჯელს.
"როგორც ვიცი, ერთი დღე გადაიდო მისი გადაყვანა სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და როცა მოხდა მისი გადაყვანა გადაყვანის საწინააღმდეგო ჩვენება ჯანდაცვის მხრიდან არ ყოფილა. თუკი საფრთხე დაემუქრება მის ჯანმრთელობას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არსებობს სამედიცინო დაწესებულება, სადაც მას უმკურნალებენ, თუ ამის საჭიროება იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, დეპუტატი დავით სერგეენკო ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანა მოულოდნელი არ ყოფილა და ცხადი იყო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ რუსთავში დააბრუნებდნენ:
"ეს არ იყო მოულოდნელი გადაწყვეტილება და თავისთავად ეს ცხადი მოცემულობა იყო გორის ჰოსპიტალში გადაყვანამდეც, რომ როგორც კი დასტაბილურდებოდა, დაბრუნდებოდა უკან.
რაც შეეხება სტაბილიზაციას, სტაბილური იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არა, ამაზე უამრავი ადამიანი და დომინანტურად პროცენტულად ბევრად მეტი არაექიმი აკეთებს განცხადებებს, ვიდრე მისი მკურნალი ექიმები. მისმა მკურნალმა ექიმებმა გააკეთეს ამის შესახებ განცხადება და დამერწმუნეთ, მე ჩემს კოლეგებზე ვსაუბრობ, არც ერთ ექიმს არ მოუვა თავში აზრად ის, რომ პაციენტის მდგომარეობა ხელოვნურად დაამძიმოს ან შეამსუბუქოს. ექიმს როცა აძლევენ მუშაობის საშუალებას, ის შესანიშნავად ასრულებს თავის ფუნქციას და ამას თუნდაც, ბოლო 2 წელი გვიჩვენებს. ასე რომ, ადვოკატებმა, არაექიმებმა, ენთუზიასტებმა აცალონ ექიმებს თავისი საქმის კეთება", – აცხადებს სერგეენკო.
მისი თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას კვლავ დაიწყებს, "ეს ადამიანურად და ჰუმანურადაც ცუდი იქნება".
"ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "სააკაშვილის გადაყვანა ვინმესთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო":
"სხვათა შორის, სახალხო დამცველის მიერ შექნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი, შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა უკან, რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ სისტემაში დაბრუნებას. აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული. ის, ვისაც დრამატიზირება შემოაქვს და უტრირებს, ეს მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კიდევ უფრო ჩაითრიონ თავიანთ პოლიტიკურ ბატალიებში. უნდა აუხსნან, რომ ის არის პატიმარი, მას მისჯილი აქვს კონკრეტულ თემებზე მსჯავრი და უნდა იყოს გადაყვანილი შესაბამის დაწესებულებაში, რაც გუშინ ყველა კანონის დაცვით მოხდა".
რაც შეეხება ოპოზიციის ნაწილის პოლიტიკურ განცხადებებს, რომ ამას არ შეეგუებიან, ირაკლი ზარქუა აღნიშნავს, რომ "შიმშილობა მათი უფლებაა":
"რას აპროტესტებენ ვერ გავიგე. ის, რომ დამნაშავე ციხიდან გამოვუშვათ? ფუჭია მათი შიმშილობა. ვურჩევდი ადამიანურად, მეგობრულად, შეეშვან და სხვა თემებზე გადაერთონ. სააკაშვილი დაიწყებს თუ არა ისევ შიმშილს, არაუშავს, ექიმები არიან და მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში მიხედეს. ამ თემაზე დღეს სპეკულაცია არის მცდელობა, ამ თემაში ისევ დრამატიზირება შეიტანონ. ერთხელ ვნახეთ, რომ ეს ფუჭი და არაფრისმომცემია. ასე, რომ დაასვენონ ის ადამიანიც და თვითონაც დაისვენონ".
ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინ, გვიან ღამით გადაიყვანეს.


