"სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ ყოფილა, ის იყო დაუძლურებული, საძილე საშუალებებით გაბრუებული"
30/12/2021 09:56:07 პოლიტიკა
"სააკაშვილზე ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა", – ამის შესახებ ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მთავარი ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის არსებული მდგომარეობის დასრულება.
„ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა. მიხეილ სააკაშვილი იყო ძალიან დაუძლურებული. როგორც მითხრა, მას მიაკითხა ძალიან ბევრმა ადამიანმა. მიაკითხეს ეტლით, ჩასვეს და წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა. გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული და მაღალი წნევა. როგორც წინა ჯერზე, მითხრა, რომ აღელვების მდგომარეობაში შეიძლებოდა უარესი დამმართოდაო, ამიტომ, არ გაუწევია მას წინააღმდეგობა, ზემოქმედება არ ყოფილა. უთხრეს, რომ მიყავდათ რუსთავში, მაგრამ გზაში ცუდად თუ გახდები, გადაგიყვანთ გლდანშიო. ეს არის პირდაპირ მუქარა, წამებით დამუქრება. მუქარა მუდმივად დამოკიდებულია სააკაშვილზე. მას ცუდად გახდომის უფლებაც აღარ დაუტოვეს, რადგან ეუბნებიან, რომ თუ ცუდად გახდები, წახვალ გლდანში, რაც გულისხმობს იმას, „სადაც გაწამეს და კიდევ ერთხელ გაწამებენ“. ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს სააკაშვილის ამ პენიტენციური სისტემიდან გაყვანით და ეს მდგომარეობა დასრულდება სწორედ ასე, უფრო ადრე, ვიდრე ეს ხელისუფლება დასრულდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.


