"სააკაშვილს შეფარდებული აქვს საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი"
30/12/2021 11:18:47 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს "საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი აქვს შეფარდებული".
მისი თქმით, შურისძიება არ არის ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი.
"მიხეილ სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე, რომელმაც უმძიმესი დანაშაულები ჩაიდინა, ეს ერთი. მას აქვს შეფარდებული საკმაოდ მოკრძალებული სასჯელი, მიუხედავად მის მიერ ჩადენილი დანაშაულების ხარისხისა, ეს არის 6 წელი, რაც არის, მათ შორის ჩვენ მიერ შეცვლილი კანონმდებლობის დამსახურება. შურისძიებას არ ნიშნავს ის, როდესაც კანონის წინაშე ადამიანი არის თანასწორი. არიან ადამიანები, რომლებსაც ბევრად უფრო მსუბუქი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და აქვთ შეფარდებული ზოგს 8 წელი. კაცმა იქ 9 მილიონი იქურდა, იქ ადამიანის წამება შეუკვეთა, იქ ტელევიზია მიიტაცა, ხალხს აწამებდა ციხეებში და ამისთვის 6 წელი არის არაფერი. მკურნალობა დასრულდა 2 კვირის წინ, „რეფიდინგი“ დასრულდა ორი კვირის წინ, რაზეც არსებობს ოფიციალური დასკვნა. დეპუტატი ელენე ხოშტარია ნამდვილად შიმშილობდა და მას ჰქონდა უფრო რთული მდგომარეობა თავის დროზე, როცა დაასრულა შიმშილობა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილს. უკვე გასულია ლამის 1 თვე და ელენე ხოშტარია ხან ერთ აქციაზეა, ხან მეორეზე და არანაირი პრობლემა არ აქვს. როდესაც ადამიანი, რომელიც რეალურად არც შიმშილობდა, მერე ამბობს, რომ მას მთელი ცხოვრება გორის ჰოსპიტალში უნდა უმკურნალოს სახელმწიფომ, ეს არის აშკარა დისკრიმინაცია", - განაცხადა კობახიძემ.


