ევროკავშირისა და ნატო-ს სიმბოლოების შებღალვისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა
30/12/2021 16:32:11 პოლიტიკა
პარლამენტმა, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს სიმბოლოების შებღალვისთვის ჯარიმების დაწესებას მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა.
კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამით ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებას ითვალისწინებს:
"ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის, სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის. ასეთი ქმედების ჩამდენი პირი 1 000 ლარით დაჯარიმდება".
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორი ნიკოლოზ სამხარაძეა. ასევე პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა. აღსანიშნავია, რომ "თბილისი პრაიდის" ჩაშლის და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის დროს, ძალადობრივმა ჯგუფებმა, 5-6 ივლისს ევროკავშირის დროშა ორჯერ ჩამოხიეს და დაწვეს.


