კელი დეგნანი: "წელსაც ბევრი გეგმა გვაქვს, 2022-ში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილესაც ვიზეიმებთ"
02/01/2022 09:43:56 პოლიტიკა
აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა და მისმა მეუღლემ, დუგლას მორისმა, საქართველოს ახალი წელი და ბედობა ვიდეომიმართვით მიულოცეს. ამერიკის ელჩმა ისაუბრა როგორც საელჩოს 2022 წლის გეგმებზე, ისე პირად სურვილებზეც.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ამერიკის საელჩოს 2002 წელსაც დიდი გეგმები აქვს. პირველ რიგში, 2022 აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობაში საიუბილეო წელია, რადგან ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას 30 წელი უსრულდება.
იმ მრავალ პროგრამას, აცხადებს, კელი დეგნანი, რომლითაც აშშ ცდილობს საქართველოს გაძლიერებას თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, ასევე საქართველოს ეკონომიკურ წისვლის ხელშეწყობას, სხვა არაერთი პროგრამაც დაემატება:
„ჩვენი საელჩოს გუნდი დაეხმარება საქართველოს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სკოლის გახსნაში, ასევე საბავშვო საავადმყოფისთვის ვგეგმავთ დახმარებას სამედიცინო აღჭურვილობით. დაგეგმილია სახლების მშენებლობა მთაში მცხოვრები ხანში შესული ადამიანებისათვის“.
აშშ-ის ელჩმა და მისმა მეუღლემ ვიდეომიმართავში ასევე ისაუბრეს იმაზე, რომ მათ სურთ ქუჩის ძაღლებზე ზრუნვაც და იმედი გამოთქვეს, რომ გამოიძებნება ისეთი ოჯახები, ვინც იგივეს გააკეთებს. ამ სიტყვების თქმის დროსაც მათ ხელში სწორედ ქუჩაში მცხოვრები ორი ასეთი ძაღლი ეჭირათ.
პირად საახალწლო სურვილებზე საუბრისას, კელი დეგნამმა ასევე თქვა, რომ 2022 წელს, ის ეცდება იყოს უფრო კეთილი და თანაგრძნობით სავსე მასზე ნაკლებად იღბლიანი ადამიანების მიმართ და ამისკენ სხვებსაც მოუწოდა.


