Accentnews.ge
"დროა, დავასრულოთ პუტინის დე ფაქტო ვეტო და ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ბუქარესტში გაცემული დაპირების განსახორციელებლად"

"დროა, დავასრულოთ პუტინის დე ფაქტო ვეტო და ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ბუქარესტში გაცემული დაპირების განსახორციელებლად"

03/01/2022 09:35:52 პოლიტიკა

გამოცემა POLITICO აქვეყნებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიას სახელწოდებით "რუსეთის შეთავაზებებთან დაკავშირებით ალიანსი არ უნდა დანებდეს".

რასმუსენი მიიჩნევს, რომ უნდა დასრულდეს რუსეთის დე ფაქტო ვეტო საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე და მოუწოდებს ნატო–ს, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა, რათა შესრულდეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, რომლის თანახმად, საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო–ს წევრები.

მისივე თქმით, ნატო-ს არ შეიძლება, ჰქონდეს "ღია კარის" ისეთი პოლიტიკა, როდესაც კარისკაცი პუტინია.

"აქცენტი" რასმუსენის სტატიის სრულ თარგმანს გთავაზობთ:

"როდესაც ნატო-ს გენერალური მდივნის რანგში პირველად შევხვდი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, მან ჩვენი შეხვედრა ალიანსზე საუბრით დაიწყო და პირველი, რაც მითხრა, იყო ის, რომ ნატო–ს დაშლა სურდა.

თუ ნატო–ს მოკავშირეები ევროპაში უსაფრთხოების ახალი ურთიერთობის შესახებ რუსეთის შეთავაზებებს მიიღებენ, ისინი პირდაპირ დაეხმარებიან პუტინს, დაუახლოვდეს დასახული მიზანის მიღწევას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უსაფრთხოებაზე კონტროლის მოპოვების გზით.

რუსეთის ახალი შეთავაზებების თანახმად, ნატო–მ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჯარების განთავსების საკითხი მოსკოვს უნდა შეუთანხმოს. გარდა ამისა, ალიანსმა თავი უნდა შეიკავოს „ნებისმიერი სამხედრო აქტივობისგან“ აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში და რუსეთის მახლობლად წვრთნების გამართვა შეაჩეროს.

ამასთან, მოსკოვი მოითხოვს წერილობით გარანტიას, რომ უკრაინას არ შესთავაზებენ ნატო–ში გაწევრიანებას და შეთანხმების გაფორმებას შეერთებულ შტატებისგან, რომლის თანახმად, აიკრძალება ამერიკული სამხედრო ხომალდებისა და თვითმფრინავების გაგზავნა „რეგიონებში, მაგალითად, შავი ზღვის რეგიონსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში, საიდანაც მათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე დარტყმების განხორციელება შეუძლიათ".

ეს არ არის სერიოზული შეთავაზება კაცისგან, რომელსაც მშვიდობა სურს.

რუსეთმა ზემოთ ხსენებული შეთავაზებების შესრულება ნატო–სგან ადრეც სცადა. თუმცა 2009 წლის ნოემბერში ნატო–მ უარყო რუსეთის მიერ შემოთავაზებული ევროპის უსაფრთხოების ხელშეკრულების პროექტი, რადგან ნატო-რუსეთის ურთიერთობა უკვე საკმარისად რეგულირდება 1997 წლის დამფუძნებელი აქტით ორმხრივი ურთიერთობების შესახებ, ეუთო–ს მიერ 1999 წელს მიღებული ქარტიითევროპის უსაფრთხოების თაობაზე და 2002 წელს მიღებული რომის დეკლარაციით, ამ უკანასკნელი დოკუმენტის ფარგლებში შექმნილია ნატო-რუსეთის საბჭო.

პუტინი დახელოვნებულია კრიზისების შექმნაში, რათა მოგვიანებით, თავად "ჩააქროს" ისინი, უკრაინაში შეჭრის მუქარით, მან გათვალა, რომ აშშ–მა და სხვა დასავლურმა ძალებმა შესაძლოა, პირდაპირი მოლაპარაკება აწარმოონ კრემლთან (სავარაუდოდ, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის მოკავშირეებზე), შესთავაზონ მას გარკვეული დათმობები და მისცენ მას უფლება, შეინარჩუნოს გავლენა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე მშვიდობის სანაცვლოდ.

პუტინის ტაქტიკა იმუშავებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ დავნებდებით. დროა, ნატო–მ პუტინის ამ ტაქტიკას "ბლეფი" უწოდოს.

რუსეთს ხელი აქვს მოწერილი 1999 წელს ეუთო–ს მიერ მიღებულ ქარტიაზე, რომელიც ადასტურებს ეუთო–ს თითოეული წევრი სახელმწიფოს უფლებას, თავად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების სისტემა.

ჩვენ უნდა დავასრულოთ პუტინის დე ფაქტო ვეტო საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რომელიც მიღწეულია ამ ქვეყნებში დაბალი დონის კონფლიქტების გაღვივებით, რომლის ინტენსივობას კრემლი აძლიერებს და ამცირებს საკუთარი დღის წესრიგის შესაბამისად.

2008 წელს ჩვენ საქართველოსა და უკრაინას ნატო–ს მაგიდასთან ადგილებს დავპირდით და დროა, ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა ჩვენი დაპირების განსახორციელებლად. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება იმ პირობით, რომ ნატო–ს მე-5 მუხლი მოიცავდეს მხოლოდ კიევისა და თბილისის კონტროლს დაქვემდებარებულ ტერიტორიას, თუმცა ერთი რამ ცხადია – ნატო-ს არ შეიძლება, ჰქონდეს "ღია კარის" ისეთი პოლიტიკა, როდესაც კარისკაცი პუტინია.

შეიჭრება თუ არა პუტინი უკრაინაში, ეს დანამდვილებით მხოლოდ მან იცის. თუმცა თუ ის ამას გააკეთებს, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარება უკრაინას და დავაწესოთ ეკონომიკური სანქციები, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას დაანგრევს; ამასთან, უნდა გაუქმდეს "ჩრდილოეთ ნაკადი 2"–ის პროექტი.

უკრაინელები ბრძოლაში გამობრძმედილი ხალხია, რომელთაც სურთ, იბრძოლონ იმ თავისუფლებისთვის, რომელიც ევროპის დიდმა ნაწილმა გაურჯელად მიიღო. არავის შეგეპაროთ ეჭვი, რომ ეს იქნება ბრძოლა ჩვენი, ევროპის თავისუფლებისთვის, რადგან ისტორიამ გვასწავლა, რომ აგრესორები მხოლოდ სამეზობლოში არ რჩებიან.

ნატო არის მშვიდობის ალიანსი. მას არაფერი სურს, გარდა მშვიდობიანი თანამშრომლობისა რუსეთთან და ცდილობდა მოსკოვის ჩართვას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ დისკუსიებში. მაგრამ ეს თანამშრომლობა პუტინის ქმედებამ გაართულა.

მაშინაც კი, როდესაც რუსეთმა 2014 წელს დაარღვია წესებზე საფუძველზე საერთაშორისო წესრიგი, ჩვენ მაინც ვცდილობდით დიალოგის დაწყებას. დიალოგი მნიშვნელოვანია, მაგრამ ის უნდა იყოს ჩვენი პირობებით და იმის გაცნობიერებით, რომ ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს მუქარის და ესკალაციის საფუძველზე.

ნატო–ს იარაღის ლულის მუქარით მოლაპარაკების გამართვა არ შეუძლია. თუ ჩვენ ახლა უკან დავიხევთ, ამ ჩვენი უკან დახევის გზავნილს ნათლად მოისმენენ როგორც ჩვენზე დაყრდნობილი დემოკრატიები, ისე ავტოკრატები, რომლებსაც ჩვენი თავისუფლების ეშინიათ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S